LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიბრძოლებთ საქართველოსთვის: დღეს სხვა სტილის თამაში იქნება

37

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე მატჩს უელსის ნაკრებთან ჩაატარებს. ოფიციალურ შეხვედრამდე, ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ „დინამო არენაზე“ გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ვაკო გვილიამ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.
“დინამო არენაზე” მატჩისწინა ვარჯიში უელსის ეროვნულმა ნაკრებმა გამართა.

“უელსის ნაკრები დანაკლისით იასპარეზებს. გარეთ ბეილი, რომელიც მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მოთამაშეა არ იქნება, თუმცა უელსს სხვა ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავს. დიდი დანაკლისი აქვს ჩვენს გუნდს ჯანო ანანიძის, ლევან მჭედლიძისა და თორნიკე ოქრიაშვილის სახით. ძლიერ ჯგუფში ვართ და ამ ეტაპზე, ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ რომელი გუნდი შეძლებს მომდევნო ეტაპზე გასვლას. ძალიან რთულია პარალელის გავლება ჩვენს წინა მატჩთან, რადგან განსხვავებული შემადგენლობით ვხვდებით და სავარაუდოდ, სხვა სტილის თამაშს ვიხილავთ. მიუხედავად დანაკლისისა, ჩვენი განწყობა საბრძოლოა. უელსთან შეხვედრაში მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოსთვის და 3 ქულისთვის.

ძალიან ვწუხვარ თორნიკე ოქრიაშვილის გამო. ის ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ძალიან დიდი შრომა მოუწევს მოედანზე დასაბრუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ ის ამ სირთულეების გადალახვას შეძლებს და დაბრუნდება…

ახალი ფეხბურთელები გუნდს ეტაპობრივად დაემატებიან. შემადგენლობაშია სიხარულიძე ეროვნული ლიგიდან, რომელიც ნაკრებს თანდათან ეჩვევა. ჩაკვეტაძისა და არაბიძის სახით გვყავს კარგი ახალგაზრდები, თუმცა ეს მოთამაშეები არ უნდა „გადავწვათ“. ასევე გვაქვს შეთანხმება ახალგზურდულის ნაკრების მწვრთნელთან, გია გეგუჩაძესთან და სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე, ჯიმი ტაბიძე და გიორგი არაბიძე ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარებიან”, – განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

ვაკო გვილია: “მნიშვნელოვანი თამაში გველის. ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, მართალია გარეთ ბეილის გარეშე, თუმცა მეტოქეს ჰყავს სხვა ძლიერი მოთამაშეები. გუნდში შესანიშნავი განწყობაა. სამწუხაროა, ოქრიაშვილის მძიმე ტრავმა, თუმცა მას ყველა გვერდში ვუდგავართ და დარწმუნებულები ვართ, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება. გვაკლია ანანიძე და მჭედლიძეც, თუმცა რა შემადგენლობითაც ვითამაშებთ, ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად”.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

საქართველოსა და უელსის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება წუთიერი დუმილით დაიწყება. ამ ფორმით ორივე ნაკრების წევრები „ზუგდიდის“ მეკარის შოთა მამინაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ. 31 წლის მეკარე, 1 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები