ქვიშის არტისტი და პროექტ „ნიჭიერის“ გამარჯვებული ნონა გიუნაშვილი პოდკასტის „ინერი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავისი ცხოვრების შესახებ გულახდილად გვიყვება.
„ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე იმაზე ზრუნვაში, როგორი შვილი, ნათესავი, თუ მეზობელი ვყოფილიყავი. შემდეგ ამას მოჰყვა მეუღლე. ამ დროს თავის თავს კარგავ. სინამდვილეში ვინ ხარ, რა გინდა. 9 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი და ავად გახდა სიმსივნით. მქონდა განცდა, რომ ბავშვი აღარ ვიყავი.
არ მინდა ჩემმა მშობლებმა იფიქრონ, რომ რამე შეცდომა დაუშვეს, პირიქით მათ ძალიან ბევრი რამ გადაიტანეს. გამიჩნდა განცდა, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი. 13 წლის ასაკში შევამჩნიე, რომ მქონდა განსხვავებული ზურგი და უნდა ჩამეცვა შესაფერისი ტანსაცმელი. გამეშალა თმები, რომ არავის შეემჩნია.
შემდეგ ისე მოხდა, რომ 16 წლის ასაკში მომიტაცეს. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ რთული ხასიათის ადამიანთან მომიწია თანაცხოვრება. ჩვენ 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად და ბევრი მეკითხება, ამდენი ხანი თუ იყავით ერთად მერე რაღა მოხდა. თავიდანვე ყველაფერი ცუდად იყო, თუმცა მე ვიყავი სუსტი. ჩემს თავს ვხედავდი, როგორც ჩრდილს. დამოუკიდებლად არაფერი შემეძლო. მესმოდა სიტყვები, რომ მე არავინ არ ვარ და ეს დიდხანს მჯეროდა.
შემთხვევით აღმოვაჩინე ქვიშაზე ხატვა და დაემთხვა ნიჭიერის ქასთინგებიც. 2008 წლის ომზე ვაკეთებდი ნახატს. მინდოდა ისეთი რამე გამეკეთებინა, რაც ვინმეს მოეწონებოდა. არავის არ სჭირდებოდა სამყაროში ეს გამარჯვება ისე, როგორც მე.
2017 წელს მე ჩემი ცხოვრება საბოლოოდ შევცვალე. ხშირად მეუბნებოდა, რომ თუ მისგან წავიდოდი მომკლავდა. და ეს იმდენად დავიჯერე, რომ შეიძლება ითქვას მიწის ქვეშიდან ამოვედი და გავიარე. ძალიან მიყვარს დღევანდელი ჩემი თავისუფლების განცდა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ აუცილებლად შეგიძლიათ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ, თუ რაღაც მთელი გულით გინდათ“, – ამბობს ნონა გიუნაშვილი.
