ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შესასრულებლად 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფი მე-13 ქვეით ბატალიონს შეცვლის და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს.
მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლის წინა მომზადების დასკვნითი ეტაპი გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩაუტარდა.
შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ.
ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.