თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“ საუბრობს ანა ბერუაშვილი, რომელიც თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ ჰყვება. ის რუსთავში ცხოვრობს და ცეკვის მასწავლებელია. თავისი ამბის მოთხრობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სურს, ამ მძიმე ფიქრებისგან გათავისუფლდეს.
ანა ბერუაშვილი:
– ძალიან გაჭირვებულ ოჯახში გავიზარდეთ, სამი დანი ვართ. ერთი ძმა გარდაცვლილი მყავს… ერთ ოთახში გვიწევდა რვა ადამიანს ცხოვრება… ბებია გვზრდიდა რაღაც პერიოდი. ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ ბიძები. ერთი ავადმყოფი იყო…
დედას ცოტა სხვა ცხოვრება ჰქონდა არჩეული, სამწუხაროდ. ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, მანაც რთული ცხოვრება გამოიარა… რაც გავიზარდე. უფრო გავიაზრე რაღაცები, მაგრამ მაინც დღემდე ვერ ვპატიობ… არასდროს არ არის გვიანო, მაგრამ ჩემთვის უკვე გვიანია, როცა მჭირდებოდა, მაშინ არ გვედგა გვერდში… დედას უწევდა ამ ალკოჰოლის გამო ძალიან ბევრი ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რამაც ჩვენ ცხოვრება დაგვინგრია…
ახლა იხდის ბოდიშებს და უნდა, რომ ყველაფერი გამოსწორდეს, მაგრამ მე მეგვიანება უკვე ეს ყველაფერი… მეცოდება, მინდა, რომ მთელი ცხოვრება ჯანმრთელი იყოს, ცოცხალი, მაგრამ ვეღარ აღვიქვამ… მიჭირს იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მიყვარდა და ყველაზე მეტად გამიცრუა იმედები…
მამა არ დაინტერესდა ჩვენით, ამიტომ არც ვახსენებ და არც ვამბობ, რომ მყავდა ან მყავს, იმიტომ, რომ თავისი გზა აირჩია… არც ვეძებ მას…
სოციალურად დაუცველები ვიყავით და სპეციალურ სკოლაში დავდიოდით. ჩაცმა იყო თუ ჭამა იყო, ჩვენზე ზრუნავდნენ და იქიდან მომქონდა ხოლმე ჩემი პატარა დისთვის საჭმელი. არანაირი პირობები არ გვქონდა სახლში, კარი არ გვქონდა…
ჯანმრთელობის პრობლემებიც, ფსიქოლოგიური პრობლემებიც, ყველაფერი, რაც დღემდე გვაქვს, მაგ წარსულის ბრალია…
მოძალადე ოჯახში ვიყავი, ფაქტობრივად, ბავშვების იქ ცხოვრება წარმოუდგენელი იყო… დღევანდელი თვალით რომ ვუყურებ, უფრო მიჭირს, მაშინ მაინც პატარა ვიყავი და რაღაცებს ვერ აღვიქვავდი…
ერთ დღეს ბიძამ იძალადა ფიზიკურად, იმიტომ, რომ სამ დას შორის მე ყველაზე მეტად ვგავდი დედაჩემს და აჩემებული ვყავდი.
წავედი სკოლაში და ნახეს, რომ დალურჯებული ვიყავი. რომ ნახეს დალურჯებები, მასწავლებელმა ძალიან დიდი რეაგირება მოახდინა, სოციალური მუშაკები ჩაერივნენ, მალაპარაკეს და მოვყევი, რომ სახლში სვამდნენ, ოჯახში ჩხუბი იყო, სულ პოლიცია, მოკლედ, ძაან აჟიოტაჟი იყო ჩემს სახლში… სოციალური მუშაკები ჩაერივნენ და დაიწყო ჩემი მინდობით აღზრდაში გადაყვანა.
დეიდაშვილი მყავდა, ნეტა არ მყოლოდა… ისიც ჩვეულებრივი მოძალადე. ბავშვობაში ჩემზე იძალადა სექსუალურად, რვა წლის ვიყავი დაახლოებით, ის ალბათ 25 ან 26 წლის იქნებოდა… ვერ ვსაუბრობდი დიდხანს ამაზე… ჩემმა ბიძამ რაღაც სხვანაირად აგებინა პასუხი, მაგრამ იმ პერიოდში ვერც ვხვდებოდი, რომ ეგ ძალადობა იყო. რომ გავიზარდე რაღაც მომენტში კაცების ფობია მჭირდა და მივხვდი, რომ მაგის ბრალი იყო, გამახსენდა… თითქოს რაღაც პერიოდი გამქრალი მქონდა მეხსიერებიდან ეს ამბავი…
