22 მაისს, უშბაზე ექსპედიციის დროს დაღუპულ 29 წლის მთამსვლელსა და სამთო გიდს, ნიკოლოზ ფალიანს ემოციურ სტატუსს კიდევ ერთი მოქალაქე უძღვნის.
ნატალია თარხან-მოურავი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეორგოლს, რომელიც ნიკოლოზ ფალიანის მიერ, მისი ექსპედიციის დროს გადაღებულ სხვადასხვა ეპიზოდს აერთიანებს და წერს, რომ ნიკოლოზის საქმე და სახელი საუკუნეების განმავლობაში დარჩება და გაგრძელდება.
„რაღაცნაირად მინდოდა რამე დამეწერა, ვერანაირი სიტყვა ვერ ვიპოვე. ნიკო არ ყოფილა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, მაგრამ რაღაცნაირად სვანეთში რომ ვიყავი, სულ მეიმედებოდა. ძალიან ბევრჯერ ავუყენებივარ ალეწილი, სახლამდე გავუყვანივარ ყინვაში, ძალიან გავუცინებივარ თავისი თეთრი ძალიან სახასიათო სიცილით.
გუშინ გააზიარეს ნიკოს ეს რიქორდინგი და ასე თუ ისე, ჩემი მძიმე ემოცია მინდა ამ ვიდეოთი გავაზიარო.
საშინლად გული მტკივა, არ უნდა იღუპებოდნენ ასეთი ადამიანები ასე ადრე. გული მისკდება, რომ წარმოვიდგენ ოჯახის წევრები რას გადიან.
საუკუნეების განმავლობაში დარჩება და გაგრძელდება შენი საქმე და სახელი. აუცილებლად გასახელებს პატარა ადამიანი, რომელიც ვერ გაიცანი, მაგრამ რომ გაიზრდება, მთელს სვანეთში, საქართველოში და მსოფლიოში დახვდება შენი გაკვალული გზა.
ბევრად დიდი მეგონე ჩემზე, წარმოუდგენელია 29 წლის ასაკში ამდენი დატოვო.
ვიდეოს დასაწყისში საოცარი მუსიკა – გიორგი მარგიანი – იცნაუ (სიმარი)“, – წერს ნატალია თარხან-მოურავი.
„თუ რამეზე მორევა გინდა, რამეში გამარჯვება, უფრო მეტის მიღწევა გინდა, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა შეეჯიბრო ან მოერიო. ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგე მაინც საკუთარი თავია და რამდენჯერაც საკუთარ თავზე გაიმარჯვებ, იმდენჯერ ყველაზე გაიმარჯვებ“ – აღნიშნავს კადრებში ნიკოლოზ ფალიანი.