ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა და Geo Team-თან საკუთარ ემოციებზე ისაუბრა.
გიორგიმ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, გეცვას საქართველოს ნაკრების მაისური, ასე უყვარდე საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს, ეს არის ყველაზე დიდი ოცნება, რაც ქართველ ფეხბურთელს შეიძლება ჰქონდეს.
„ჩემთვის ძალიან რთული იყო დასაწყისი, თუმცა, მერე უკვე როდესაც ამდენმა ადამიანმა ჩემი გვარის სკანდირება დაიწყო ყველაფერი მომეხსნა და ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ძველად. ამაყი ვარ, რომ ამდენი წელი მომიწია ჩვენი ქვეყნის მაისურის ტარება. დღევანდელი დღე იყო დედაჩემის და მამაჩემის დადგმული სპექტაკლი. ყველაზე ამაყი ვარ, რადგან გეცვას საქართველოს ნაკრების მაისური, ასე უყვარდე საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს, ეს არის ყველაზე დიდი ოცნება, რაც ქართველ ფეხბურთელს შეიძლება ჰქონდეს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საქართველოს“, – აცხადებს გიორგი ლორია Geo Team-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, „დინამო არენაზე“ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორია იმყოფებოდა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
„17 წელი ცოტა არაა. ბოლო თამაშს ჩავატარებ ჩვენი ქვეყნის ნაკრების ფორმით. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით იდგა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს. როდესაც დებიუტი მქონდა, ალექსანდრე იაშვილი მაშინ ნაკრების ფეხბურთელი იყო.
მადლობა ნაკრების სტაფს, მთელ პერსონალს. ისინი ქმნიან გუნდს, რომელიც გულშემატკივრებს ახარებს. გულშემატკივრის თანადგომას კი განსაკუთრებით ვგრძნობდი. მახსოვს, ესპანეთთან რომ ვითამაშე, 55 ათასი ადამიანი როგორ სკანდირებდა ჩემს გვარს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც ახლა, სამწუხაროდ, ჩემ გვერდით არ არიან.
საქართველოს ნაკრების მაისურის ტარება ჩემთვის პატივი იყო, ჩემი ბავშვობის ოცნება. ნაკრებში კარიერას სუფთა გულით ვამთავრებ. მადლიერი ვარ, რომ ამ გუნდში თამაშის საშუალება მომეცა. დავრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში, მადლობა, საქართველო.
მინდა, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება მივულოცო. ხვიჩა ჩვენთვის მაგალითია, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ფეხბურთელმა. ახალგაზრდებს ვურჩევ, იშრომონ და ფეხბურთის ერთგულები დარჩნენ“.