ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.
მედიკოსი საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ.
„დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ, რაღაც ადგილზე სველია და პირიდან ნერწყვი გადმოგდიოდათ, მაშინ ეს ნიშანი არ დააიგნოროთ. ზოგადად, ნერწყვდენა შეიძლება, ბევრი რამით იყოს გამოწვეული, მაგრამ შემთხვევათა, დაახლოებით, 20-30% -ში ის გასტროეზოფაგური რეფლუქსია მიზეზი. კუჭის შიგთავსი საყლაპავში ან არ უნდა ამოდიოდეს, ან თუ ამოვა, მხოლოდ მცირე მოცულობით და იშვიათად. მაგრამ, როდესაც ადამიანს გასტროეზოფაგური რეფლუქსი აქვს, კუჭის მჟავა შიგთავსი უფრო დიდი მოცულობით და უფრო ხშირად ამოსდით საყლაპავში.
როგორც კი კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში ამოვა, იქ არსებული გემორეცეპტორები თავის ტვინს გადასცემენ ინფორმაციას, თავის ტვინში ცდომილი ნერვი გააქტიურდება, ის კი ადამიანის სანერწყვე ჯირკვლებს გაააქტიურებს. განსაკუთრებით ყბისქვეშა ჯირკვალს. ამის ფონზე, პირის ღრუში დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოიყოფა და მთელი ღამის განმავლობაში ადამიანს პირიდან გადმოსდის. ეს უფრო ხშირად ემართება მათ, ვინც საღამოობით დიდი მოცულობის საკვებს მიიღებს და მაშინვე იძინებს. ან თუნდაც მიიღოს მცირე მოცულობით და მაშინვე დაწვეს.
ეს ცუდი იდეაა, იმიტომ, რომ როცა საკვებს მიიღებთ და მაშინვე დაწვებით, კუჭი იწყებს მონელებას, გამოყოფს მარილმჟავას, პეფსინს, სხვა ფერმენტებს, რომ ეს შიგთავსი მოინელოს. როდესაც წვებით, კუჭი და საყლაპავი ერთ დონეზეა. ფერმენტებიანი და მჟავა არე საყლაპავისკენ გადადის, ამიტომაცაა, რომ მთელი ღამის განმავლობაში სანერწყვე ჯირკვლების აქტივაციით, დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოიყოფა.
დილით რომ გაიღვიძებთ, ეს ნიშანი არ დააიგნოროთ. პრობლემის მოგვარების ორი გზა არსებობს – მედიკამენტური და არამედიკამენტური. არამედიკამენტურზე ვისაუბრებ: პირველ რიგში, დაწოლასა და საკვების ბოლო მიღებას შორის სულ მცირე 3 საათი და მეტი უნდა იყოს გასული“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
