ტიკტოკერი მეუღლის, თეკლა გერსამიას მიერ მოკლული ლუკა დარასელიას დედა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ იქნება სტუმრად, სადაც შვილის მკვლელობის შემზარავ ისტორიაზე ისაუბრებს.
ამის შესახებ გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი.
„ვიჩხუბეთ და გარეთ გავიდა, გამოვეკიდეო…დავუძახე, დავეწიე და ლუკა რომ მობრუნდა, ჩავარტყიო. დანა ავიღე და ზემოთ ავიტანე, გავრეცხეო.
ეს თეკლა ურთიერთობაში ყოფილა დაქალის საქმროსთან, როცა ლუკასთან იყო…სასამართლო რომ დამთავრდა მომაძახა, გამოვალ მე და გნახავო,“ – აღნიშნა ლუკას დედამ.
ქმრის – ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, 25 წლის თეკლა გერსამიას ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თეკლა გერსამია დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.
„ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
