მსახიობი გიორგი ყიფშიძე „გვანცას პოდკასტს“ სტუმრობდა, სადაც მარტოხელა მამობაზე, მძიმე წარსულზე და კარიერაში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.
„ვიყავი ბუ და გავხდი ჭოტი, ყოველ დღე ვიღვიძებ დილის 8 საათზე. ბავშვებმა აქეთ გამზარდეს, მე კი არ გავზარდე ბავშვები. შეცვალეს ჩემში რადიკალურად რაღაცები. ყველაფერს მე ვაკეთებ, საუზმე, ბაღი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ორი ბავშვი და ძაღლი. ძალიან ბევრი სარეცხი მიგროვდება ბავშვების, ვრეცხავ. ყოველ დღე სარეცხის მანქანას მინიმუმ 2-3-ჯერ ვრთავ.
ჭამენ ყველაფერს, არ მიწევს ხვეწნა. სენია ამ საუკუნის გაჯეტები, ჭამის დროს ტელეფონს უყურებენ, ძილის წინაც. თუ ბაღში არ წავიდნენ იმ დღეს დაღუპული ვარ, წივილი, კივილი, ერთმანეთს ხოცავენ. ბაღიდან რომ მოდიან 7 საათზე უკვე ეძინებათ და არ მჯერა. გოგო მალე იღვიძებს, ბიჭი აბამს დილამდე ძილს“.
– მარტოხელა მამად აღიქვამ თავს? „კი. 4 შვილი მყავს. პირველ ორთან მსგავსი პრობლემები არ მქონია, რადგან არ მიწევდა ამის კეთება. ყოველთვის მინდოდა ბავშვის დაბანა, მაგრამ თითქოს ქალები არ მენდობოდნენ. ესენი თავიდან ბოლომდე ჩემი გაზრდილები არიან. ერთი ძუძუ არ მიწოვებია. ჯოჯოხეთი გავიარე.
თეატრში დეკრეტში გავედი, ორი ბავშვის გამო! ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს, თან მკურნალობის პერიოდი მქონდა და ზემოდან განგებამ დამფერთხა, აი, ცხოვრება ასეთი რთულია და თუ გაუძლებო. გავუძელი და გამოვიწრთე, როგორც ლითონი. ძალიან ძნელი ყოფილა, თუმცა ამას ბონუსები მოჰყვება. იქიდან ისეთი უპირობო სიყვარული მოდის. ეს სასწაულია“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.
