დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე „ტვ პირველის“ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.“მე ვერ მივხვდი, თუ ვის ვიყურებდი. ვუყურებდი შევარდნაძის ჩინოვნიკს, ვუყურებდი ქუთაისელ ჩაკუზულ ბიჭს თუ ვუყურებდი საჯარო მოხელეს, რომელიც მოწიწებით უნდა ესაუბროს თავის ადამიანებს. როგორ ბედავს, როგორ გამოდის და თითის ქნევით, როგორ გველაპარაკება მე, თქვენ და იმ გაჭირვებულ ხალხს, ვინც მის ხელფასს ვიხდით”,- განაცხადა ჩალაძემ.
მისი ამ გამოსვლის შემდეგ ამირან გამყრელიძემ კვლავ ითხოვა ეთერში ჩართვა.
„არ გიყურებდით, მაგრამ თანამშრომლებმა მითხრეს და ამიტომ გთხოვეთ ისევ ჩართვა. ნათქვამი მაქვს, რაც წამოვედი პოლიტიკიდან, მას მერე პოლიტიკაში აღარ ვერევი, აპოლიტიკური ვარ.
მანდ ჩემი ბევრი კარგი ნაცნობი ზის, წლებია ვიცნობ და იციან რა გამიკეთებია და რა ვერ გამიკეთებია.
რადგანაც მე ვარ საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ვასოცირდები ხელისუფლებასთან და მინდა ვუპასუხო. შენ უნდა აკრიტიკო ადამიანი, როცა მასზე მეტი გაქვს გაკეთებული ჯანდაცვის სისტემაში. მე მონაწილეობა მაქვს მიღებული 2 დიდი კამპანიის ჩატარებაში ქვეყანაში – კარგად იციან რას ნიშნავს ვაქცინაცია. რამოდენიმე ციფრს გეტყვით და ვისაც დახმარება, მხარდაჭერა გინდათ ქვეყნისთვის… ამდენი ადამიანი არც ერთ ინფექციურ დაავადებას არ მოუკლავს 1 წელიწადში, გადააჭარბა შიდს, ჰეპატიტს, ყველა დაავადებას… არ ყოფილან ჩვენთან სხვადასხვა სხდომებზე? გიორგი ჩალაძე ხომ არის ტესტირების პროცესში ჩართული – ჩახედოს წლის განმავლობაში რამდენი პისიარ ტესტი აქვს ჩატარებული და შეადაროს დანარჩენ 30-35 ლაბორატორიას. შეგვპირდა რომ მილიონ ვაქცინას შემოიტანდა და სად არის ეს ვაქცინები?
გიორგი ჩალაძე არის ჩვეულებრივი… არ მინდა, არ ვხმარობ მე ამ სიტყვას” , – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კამათის ბოლოს გიორგი ჩალაძემ ამირან გამყრელიძეს დაპირდა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო სასამართლოში მოუწევდა სიმართლის დადგენა.
გამყრელიძის პასუხი იყო: „სიამოვნებით“.
