პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ გამზრდელი დეიდა კოვიდაცრაზე დაარეგისტრირა.
„ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად პოლიტოლოგმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ვისარგებლებ თუ შეიძლება ამ შემთხვევით და ვიდრე შეკითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ ახლა, რეკლამის დროს, კოვიდაცრაზე დეიდაჩემი დავარეგისტრირე. ეს არის ადამიანი, რომელმაც ხუთი წლიდან გამზარდა, როდესაც უდედმამოდ დავრჩი. იმიტომ რომ მე გავეზარდე, ოჯახი არ შექმნა. ის ჩემთვის დედაზე მეტია, იმდენი წვლილი მიუძღვის ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
მე არ ვიცი, რამდენად მაქვს მოწოდების უფლება, მაგრამ მინდა, რომ მსმენელს ვუთხრა, ვაქცინაცია ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებისათვისა და მათი კეთილდღეობისთვისაა. ეს ჩვენი სამოქალაქო და საზოგადოებრივი ვალია, ისევე როგორც ჩემი პიროვნული ვალია, გადავუხადო მადლობა იმ ადამიანს, ვინც მეც და ჩემი შვილიც გაგვზარდა“, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე „კვირის თემასთან“ საუბრისას.
წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მარტივად შეძლო რეგისტრაციის გავლა მხოლოდ 3 წუთში, პოლიტოლოგმა უპასუხა, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე, უმარტივესად გაიარა საჭირო პროცედურა და ჯავშნის კოდიც უკვე მიიღო.
შეგახსენებთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ 65 წელს ზემოთ მყოფ მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში დახმარებოდნენ.
ამავე თემაზე: