რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტსივრცე ახალგაზრდა მამაკაცის კადრებმა მოიცვა – ვიდეოში, რომელიც ჟურნალისტმა, ვლოგერმა ნათია გვაზავამ [Natia Talks] სოციალურ ქსელში გაავრცელა, 33 წლის კობა საკუთარი მძიმე ცხოვრების შესახებ ჰყვებოდა.
როგორც ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნავდა, მას ფეხის პრობლემები აქვს, ქუჩაში ცხოვრობს და თავს მოწყალებით ირჩენს.
„როცა საშუალება მქონდა, ყველა ჩემი მეგობარი იყო, ახლა აღარავის ვჭირდები… ფეხსაცმელი მაჩუქეს და მომპარეს. ფეხსაცმელი არ მაქვს, ფეხი მაქვს შესიებული. ახლობლები მყავდა მაშინ, როცა ფული მქონდა. 3 დღეა, რაც ფეხსაცმელი არ მაქვს. ერთი დამპირდა, მოგიტანო და ველოდები, თუ მომიტანს. მპირდებიან, მაგრამ არ მოაქვთ. ფეხზე რომ ვიმკურნალებ, სამსახური მინდა… ბანკში ვალი მაქვს, 13 000. ფეხზე 7 წელი ვმკურნალობდი, მაგრამ ვერაფერი… ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ფეხი ხომ არ მოვიჭრა-მეთქი, იმიტომ, რომ ძალიან მაწუხებს ხოლმე.
როცა წვიმს, ნანგრევები სადაც არის, იქ ვრჩები, როცა არ წვიმს, სკამზე…
გამწირეს – ასე გამოდის. კოჯრის ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე, 14 წელი იქ ვიცხოვრე“, – ჰყვებოდა კობა, რომელსაც ნათია გვაზავამ მიმართა: „სულ ცოტახანი და ყველაფერი იქნება, ფეხზე აგაყენებთ, რაღაცას ვიზამთ“.
რამდენიმე საათის წინ, ვლოგერმა გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მოქალაქეების მხარდაჭერით, შეგროვდა საკმარისი თანხა იმისთვის, რომ 33 წლის კობას პრობლემები მოგვარდეს.
„ხომ გითხარი, ფეხზე დაგაყენებთ-მეთქი… ჩვენ თანხა შევაგროვეთ შენთვის, რომ სახლი გიპოვოთ…
ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩარიცხა თანხა და ვიცი, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სრულიად შევცვალოთ კობას ცხოვრება… დავაბინავეთ ცოტახნით, შემდეგ ბინას ვუპოვით, ხვალიდან ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, – აღნიშნავს ნათია გვაზავა ვლოგში.
„ძალიან დიდი მადლობა ყველას, სიტყვები არ მყოფნის, რა ვთქვა, – ამბობს კობა.
