მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა „იმედის“ გადაცემას „სიცრუის დეტექტორი“ სტუმრობდა, სადაც გაშვილებული ძმის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, დედმამიშვილის პოვნაში მიზანმიმართულად უშლიან ხელს.
„ეს თემა ჩემი ყოველწამიერი საფიქრალი და სატკივარია; უძველესი ისტორიაა. მამაჩემი მაშინ მხოლოდ 18 წლის იყო, ის ქალბატონიც – დაახლოებით 17–18-ის. მათ ზუგდიდში შვილი ეყოლათ, თუმცა არ შეუღლებიან. ბავშვი ქალის დედამ გააშვილა. ეს ქალბატონი ქართველი არ არის. არავის ცხოვრების არევა არ მინდა, მაგრამ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მძიმედ მხდის ის ფაქტი, რომ სადღაც დადის მისი შვილი – ჩემი ძმა – და შესაძლოა, მე მას შემხვდე, თუმცა ვერ ვიცნო“, – ამბობს გულუა.
მისივე თქმით, ეს არა მხოლოდ პირადი დრამაა, არამედ შემაშფოთებელი რეალობაც, რადგან პატარა ქვეყანაში უეცარი და ტრაგიკული გადაკვეთის საშიშროებაა:
„სამი დები ვართ, ყველას სხვადასხვა ასაკის შვილი გვყავს. მეშინია, რომ ერთ დღეს ჩემი ძმისშვილი შეიძლება ჩემს შვილს შეხვდეს ან ჩემს დისშვილს – და არც ერთმა არ იცოდეს, ვინ ვინ არის. ამიტომ, უნდა ვიცოდე, ვინ არის ჩემი ძმა. ეს არის ჩემი ერთადერთი მიზანი. არც მისი ცხოვრების არევას ვაპირებ.
ამ ქალბატონის მესმის – ტრაგიკული ისტორია აქვს, რომელიც დაივიწყა; ახალი ცხოვრება დაიწყო, შვილებიც ჰყავს. სავარაუდოდ, მას პირველი შვილის გაშვილების შესახებ არც კი უკითხავთ. მასთან ვერ მივდივარ – არ მიშვებს; მეუბნება, რომ არ სურს, სიბერე აირიოს. მეც არ მინდა, მაგრამ ერთადერთი რამ მინდა – შევევედრო, მითხრას, რამდენი წლისაა ჩემი ძმა და სად გააშვილეს.
ძალიან მიჭირს. თან არ მინდა, ის საძიებო მექანიზმი ჩავრთო, რომელიც დედა–შვილებს ერთმანეთის პოვნაში ეხმარება. გენეტიკური ანალიზი გავიკეთე, მაგრამ ჩემს ძმას – არ აქვს გაკეთებული. შეიძლება, მან საერთოდ არ იცის, რომ გაშვილებულია.
როდესაც ეს ამბავი გავიგე, ძებნა დავიწყე. ქალბატონის ვინაობა და დეტალები მისი მეზობლებისგან მივიღე. მამაჩემი მთელი ცხოვრება, პერიოდულად, ამ უბანში დადიოდა და ყველას სთავაზობდა სიყვარულს, თანხას, სითბოს – ოღონდ ეთქვათ, სად გააშვილეს მისი შვილი. მე და მამაჩემს ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია; მხოლოდ ყურმოკრულად ვიცოდით რაღაც. მაგრამ, მისი გარდაცვალების შემდეგ ყველამ ის დეტალები მითხრა, რაც იცოდა. ძიება დავიწყე, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
თუ ვინმე 50+ ასაკისაა და აქვს ეჭვი, რომ გაშვილებულია, ყველას ვთხოვ, გენეტიკური ტესტი გაიკეთოს. ამ ქალბატონს კი – მთელი საქართველოს წინაშე ვდებ პირობას, რომ მისი საიდუმლო ჩემგან ვერავინ გაიგებს. არ ვიქნები მისი ცხოვრების დანგრევის მონაწილე; უბრალოდ, პატარა მინიშნებები მინდა. ნუ მკრავთ ხელს – დამეხმარეთ, რომ მივაღწიო ჩემს მიზანს, რომელსაც უბედურების თავიდან აცილება ჰქვია და არა მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება“, – ამბობს ნანუკა გულუა.
„ნინაზე, იკუნაზე…“- ნანუკა გულუამ მესამე შვილის სქესი გაამხილა – რას დაარქმევს ახალშობილს