გასულ წელს, ბოლო ზარის პერიოდში, თბილისში, თემქაზე, N159 სკოლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ ყველა შეძრა. სკოლადამთავრებული 19 წლის ბიჭი ავტომანქანით 43 წლის თეა გიორგაძეს დაეჯახა, რომელიც იმ დროს შვილის ბოლო ზარს ესწრებოდა.
ქალი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა, მაგრამ მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. თეა გიორგაძე, 5 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია, „იმედის“ ეთერში ტრაგედიაზე და დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრობს.
– მე ავარია ასე მახსოვს, რომ მანქანასთან ვიყავით მიყუდებულები, ვათვალიერებდით სურათებს. გვერდზე მედგა ჩემი ბიჭი, რომელსაც ბოლო ზარი ჰქონდა და როდესაც მანქანის ხმა გავიგე და მივატრიალე თავი, დავინახე, რომ ჩვენსკენ კი არ მოდის, მოფრინავს მანქანა და ხმა გავიგე ძლიერი. ერთადერთი, რაც გავიფიქრე ეს იყო, რომ ჩემი შვილი უნდა დამეცვა და შემოვტრიალდი. ჩემს შვილს უნდა გადავფარებოდი და შემოტრიალებაში მარტო ერთი ფეხის გადმოდგმა მოვასწარი… 19 წლის იყო {მძღოლი}. თვითონ აქვს ჩვენება მიცემული, რომ თავის მოწონების მიზნით იყო მოსული იმ ტერიტორიაზე… ჩემი სამი შვილი შეესწრო ავარიას და ჩემი შვილიშვილი…
მძღოლი ვერ გაიქცა, იმიტომ რომ იქვე დააკავეს. გადაყვანილია გლდანის ციხეში, მაგრამ ახლა მიდის სამოქალაქო დავა ხარჯებთან დაკავშირებით. მე რა ხარჯებიც მაქვს, რა ზიანიც მომაყენა და ამასთან დაკავშირებით. გამოვა და გააგრძელებს ჩვეულებრივად ცხოვრებას, წინსვლაც ექნება, ცოლსაც მოიყვანს, შვილსაც… მე ყველას მოვაკლდი, მაგრამ მე რა დავაშავე? ჩემმა შვილებმა რა დააშავეს? ჩემს ტანჯვას რომ უყურებენ, რა დააშავეს? ჩემი ყოველდღიური აგრესია ჩემს შვილებზე რომ გადამაქვს ხანდახან, გარეთ რომ გადიან და მარტო რომ ვრჩები და რომ მოდიან: „იცით, მე მარტო ვიყავი და ამდენი ხანი სად იყავით“ და ჩემს შვილს ვეაგრესიულები, რა დააშავა ჩემმა შვილმა? ჩემმა მეუღლემ რა დააშავა? აღარც ცოლი ვარ, აღარც… თვითონ უნდა გაირეცხოს, თვითონ უნდა მიხედოს თავის თავს. რა დააშავა ჩემმა მეუღლემ?“, – ამბობს თეა გიორგაძე.
