სოფელ კონდოლში ცოლ-ქმრის მკვლელობისა და არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ბრალდებული ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული გ.გ. ბათუმში დააკავეს.
„ბრალდებულ მამაკაცს მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფერმაში, ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ამავე ფერმაში დასაქმებულ ცოლ-ქმართან – გ.ჯ.-სა და მ.ზ.-სთან. გ.გ. მათ ფულს სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
ბრალდებულმა მოკლულების არასრულწლოვან შვილს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გ.გ. დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით გრძელდება.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია გავრცელებულ; ინფორმაციაში.
