LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის მომღერალი, რომელმაც თავისი შესრულებებით სოციალური ქსელი დაიპყრო და „ტიკ-ტოკზე“ ტრენდად იქცა: „საქართველოს ხმის“ პრეკასტინგზე შესვლას არ ვაპირებდი, მაგრამ მარიამ გუჯეჯიანის ხმა გავიგონე… ჩვენს დუეტს 3 წლის ბავშვებიც მღერიან…“

2697
სოფო ამირეჯიბი მთავარი

მომღერალი სოფო ამირეჯიბი უკვე „საქართველოს ხმის“ მესამე სეზონის ფინალისტია. მან ქალაქური სიმღერების პოპურით ჟიურისა და მაყურებლის გული მოიგო და „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტის ფინალში იმღერებს, სადაც მაყურებელი გადაწყვეტს გამარჯვებულის ბედს.

დუეტების ტურში სოფომ მარიამ გუჯეჯიანთან ერთად ეკა კვალიაშვილის „ფერისცვალება“ შეასრულა, რომელიც ძალიან მალე „ტიკ-ტოკ“ ტრენდად იქცა, გოგონების ამ შესრულებით კი თავად ეკა კვალიაშვილიც მოიხიბლა.

„საქართველოს ხმის“ ნახევარფინალში სოფომ კიდევ ერთხელ შეძლო მსმენელის დატყვევება.

სოფო ამირეჯიბი:

ვაიმე, წარმოუდგენელი ემოციებია, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. ჯერ „საქართველოს ხმაში“ ჩემი მოსვლა, მერე დაწყვილება დუეტებში, მერე ნახევარფინალი, ახლა კი ფინალში ვარ საერთოდ. ცოტა შოკი მაქვს. მართლა არ ველოდი. წინა ტურში, ფაქტობრივად, აუთსაიდერი ვიყავი… ბოლოსწინა ადგილზე, მაგრამ იმდენად გააქტიურდნენ გულშემატკივრები, რომ ვიცოდი, მეორე ლაივზე ეს აღარ მემუქრებოდა, თუმცა მაინც დიდი მღელვარება იყო. ახლა უკვე გამარჯვების ამბიცია მომემატა, აქამდე არ მქონია, რაც იქნება, იქნება-მეთქი, ვფიქრობდი… ხალხი რომ წერს, საქართველოს ხმაა და უნდა გაიმარჯვოსო, არ ვარ ამპარტავანი, მაგრამ გამარჯვების სურვილი გამიღვივდა.

„საქართველოს ხმაში“ როგორ მოხვდი?

რეალურად ჩემს მეგობარს მივყევი. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ვიცოდი, ვერც ფსიქოლოგიურად და ვერც ფიზიკურად ვერ გავუძლებდი, რკინადეფიციტური ანემია მაქვს და ძლივს ვდგავარ ფეხზე, მაგრამ პრეკასტინგზე რომ მოვედი, გავიგონე მარიამ გუჯეჯიანის ხმა, რომელიც მღეროდა „გამარჯობა, ჩემო თბილისქალაქოს…“ მაშინ ვიფიქრე, ჩემს ჟანრს მღერის და მოდი, მეც შევალ-მეთქი, რომ გული არ დამწყვეტოდა… ამ სიმღერაზე ვგიჟდებოდი, შევავსე ანკეტა და შევედი. მარიამს არ ვიცნობდი… პროდიუსერებმა დამიბარეს ტელეკასტინგზე, მაგრამ ვუთხარი, ვერ მოვალ-მეთქი… ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი… ჩემმა მეუღლემ, გიგამ მითხრა, უხერხულია და მიდიო. სულ დარბაზი რომ დავამხო, მაინც ვერ შევძლებ-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ 16-ეულშიც მოვხვდი და დუეტებში საოცარ ადამიანთან ერთად ვიყავი…

გვესაუბრე შენი და მარიამ გუჯეჯიანის დუეტზე, რომელმაც მოიცვა მთელი ინტერნეტსივრცე…

მთელი ინტერნეტი, სოციალური ქსელი მოიცვა… საზღვარგარეთიდან ვინ არ მიგზავნის ამ ლინკს. 3 წლის ბავშვებიც კი მღერიან, ყველგან ეს სიმღერა ისმის. ტრანსპორტში მღეროდა ბავშვი, ჩემს მეუღლეს შეხვდა და მეუბნებოდა, გადაირეოდა ალბათ, შენ რომ ენახეო. ხალხი რომ წერს, რომ ეს წლის დუეტია, ამაზე ძვირფასი რა შეიძლება მოისმინო. აქამდე ასე მასშტაბურად ხალხის სიყვარული არ მიმიღია. სხვადასხვა საიტზე უდევთ ეს ვიდეო, დავიწყებ კომენტარების კითხვას, წამომივა ცრემლები, დავწერ, ხალხო, მიყვარხართ-მეთქი.

ეკა კვალიაშვილმა შეგაქოთ ამ დუეტის გამო…

მის შეფასებას იცი, როგორ ველოდებოდი? გულში ვფიქრობდი, ეკა რას იტყვის-მეთქი. გადამწყვეტი სიტყვა მაინც მას ეკუთვნოდა. ეკამ რომ შეფასება დაწერა, გულიდან დიდი ლოდი მომეშვა. ეკას შეფასება ნიშნავდა ყველაფერს. დაწერა, რომ კარგია, დუეტი გამოვიდა და მადლობა გადაგვიხადა ამ ვერსიისთვის.

მარიამმა დატოვა პროექტი ამ დუეტის შემდეგ, მაგრამ თქვენ აგრძელებთ მეგობრობას…

ეს დუელი იყო, მაგრამ პირველივე შეხვედრაზე ვთქვით, მოდი, გავაკეთოთ კარგი დუეტი და არ ვიფიქროთ, ვინ დატოვებს პროექტს. განზრახვა გვქონდა, ისე კარგად გვემღერა, რომ ორივე დავეტოვებინეთ, ვინ დაგვტოვებდა (იღიმის). შედეგიც დავდეთ. სიმართლე რომ ვთქვა, მარიამს უფრო ვგულშემატკივრობდი… არ მინდოდა, ენერვიულა… გემრიელად ჩავეხუტები და მივულოცავ-მეთქი, ვფიქრობდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ის გადავიდოდა. სოფო გადადისო, რომ გამოცხადდა, ელდა მეცა და შოკი მივიღე. დუეტის მერე არ შეწყვეტილა ჩვენი ურთიერთობა. ვმეგობრობთ, რჩევებს ვცვლით… ლაივებზეც მოდის და ვგულშემატკივრობთ. პროექტის მერე ჩვენი დუეტი გაგრძელდება. ახლა დრო არ გვაქვს, მაგრამ ხალხი ითხოვს ჩვენს დუეტებს, მუსიკოსები კი გვყავს გვერდზე…

სოფო, 34 წლის ხარ და ახლა მოვიდა ეს აღიარება…

ბავშვობიდან დავდიოდი სხვადასხვა კონკურსზე, მერე ანსამბლებზე გადავერთე და სოლოკარიერას შევეშვი. შემდეგ საბავშვო სტუდია გავაკეთე თინათინ ჭულუხაძესთან ერთად… ჩემმა მეუღლემ, გიგა ლოლაშვილმა და მისმა ძმამ შემიყვანეს დუდუკების სამყაროში. მერე მოვუსმინე ცინუკი დადიანს, მედეა ძიძიგურს და ძალიან შემიყვარდა. ჩავთვალე, რომ ამ ჟანრთან ახლოს ვიყავი და ჩემი კახური მელიზმებით ქალაქურად და თბილისურად შევასრულებდი, ეს ჩანაფიქრი რეალურად გამომივიდა.

„საქართველოს ხმის“ ნახევარფინალურ ტურში ქალაქური მოტივების პოპური შეასრულე, რომელიც ასევე დიდ მოწონებას იმსახურებს…

შინაურები და ახლობლები რომ გწერენ თბილ სიტყვებს, მათგან შეჩვეული ვარ. „სოფო, სად იყავი აქამდე“ – ამას რომ უცხო ადამიანები მწერენ, ძალიან სასიამოვნო და მოულოდნელია. საოცარი გრძნობაა, თუმცა ძალიან დავმეგობრდით კონკურსანტები, საუკეთესო ბავშვები არიან… პროექტში ვარ და მიწერენ კარგ კომენტარებს, საქართველოს ხმა ხარო, მაგრამ კონკურს გარეთ ძალიან ბევრი ჩემზე მაგარი მომღერალია, რომელიც არ ჩანს ისე, როგორც არ ვჩანდი მეც, არ ჩანდა მარიამ გუჯეჯიანი. რომ არა „საქართველოს ხმა“, ისევ ისე კულისებს და კადრს მიღმა ვიქნებოდით, ამხელა აუდიტორია არ გვეყოლებოდა. მეტი შესაძლებლობა მოგვცა ამ პროექტმა, რომ ხალხს გავეცანით. თვითონ პროექტია ისე დაორგანიზებული, მაქსიმალურად არის ორიენტირებული, რომ მონაწილეები გააპოპულარულოს და პიარი გაუკეთოს. ამის უკან ძალიან დიდი შრომაა… აღფრთოვანებული ვარ…

ახლა მოგვიყევი შენს მუსიკალურ ოჯახზე…

ბავშვობიდან მუსიკალურ გარემოში ვიყავი, დეიდაჩემი, მარინა შანიძე კომპოზიტორია, პოეტია, მწერალთა კავშირის წევრი. ჩემს ოჯახშიც ყველა მღერის, მათ შორის, ჩემი ძმაც, ლექსო ამირეჯიბი. მოხდა ისე, რომ ჩემი მეორე ნახევარი, გიგა ლოლაშვილი, ანუ ჩაქო ამ სფეროშია და მუსიკოსი გახლავთ. ილიკო სუხიშვილმა შეარქვა ჩაქო და ასე იცნობენ ამ სფეროში. მისი ძმაც, დათაც ასევე მუსიკოსია. ჩემმა მამამთილმა, ლეო ლოლაშვილმა მთიდან პირველად „შატილის ასულო“ ჩამოიტანა, იური გოგოლაურთან ერთად, მათ იპოვნეს ეს სიმღერა, ქორწილში მოისმინეს და მოეწონათ.

ამ ბოლო ლაივზე აკომპანემენტს მიკეთებდნენ ჩემი ქმარი და მაზლი. სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ დუდუკებზე ამ თაობაში ერთ-ერთი პირველები არიან. სხვა ვინ, თუ არა ისინი დამიმშვენებდნენ გვერდს…

ყოველთვის სტარტზეა ჩემი მეუღლე და მაქსიმალურად ხელს მიწყობს. თუნდაც „საქართველოს ხმაში“ პრეკასტინგზე შემოსვლაც მისი დამსახურებაა. დედაც ვარ, მეუღლეც და რძალიც და თუ ოჯახმა არ შეგიწყო ხელი, არაფერი გამოვა. მადლობა ყველას და განსაკუთრებით, გიგას.

რა მოლოდინები გაქვს პროექტთან დაკავშირებით?

ვფიქრობ, უკვე გავიმარჯვეთ მე და მარიამმა, ჩვენი დუეტით, ხალხმა აიტაცა და შეიყვარა. ხალხის სიყვარული უკვე დიდი გამარჯვებაა. გუშინდელი სიმღერაც, ვფიქრობ, საუკეთესო იყო. ტიტულს ჩემთვის დატვირთვა არ აქვს, თუმცა უარს არ ვიტყოდი გამარჯვებაზე, მხოლოდ მაყურებელზე ვარ დამოკიდებული…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები