LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ ვისთან გამორიცხავს კოალიციას არჩევნებამდე 3 დღით ადრე

85
ოპოზიციის კოლაჟი

ოპოზიციის ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს. ყოველ შემთხვევაში დღეს, ტელევიზიებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ ცალსახად ნიკა მელიამ, ელენე ხოშტარიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ისაუბრეს – თქვეს, რომ „საუბარი ყველასთან საჭიროა, თუმცა კოალიცია გამორიცხული.“

კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე ფრანგულ გამოცემასთან გუშინ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება თავად „ქართულ ოცნებას“ ამ თემაზე დღეს მმართველ გუნდში კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა, მანამდე გაჟღერებული განცხადებების საფუძველზე თუ ვივარაუდებთ, ნათელია, რომ „ოცნება“ ოპოზიციის ამ ნაწილთან არ ითანამშრომლებს. 

ამ კონტექსტში საუბრისას გუშინ მმართველ გუნდში იმასაც ამბობდნენ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის და რომ კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს “ნაციონალურ მოძრაობასთან”, გიორგი გახარიასთან და ნებისმიერ სხვა პარტიასთან.

გია ვოლსკი: ქალბატონ ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში?

რაც შეეხება ყოფილ პრემიერსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, დღეს გიორგი გახარიამ კოალიციურ მთავრობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის წითელი ხაზი „ნაციონალური მოძრაობაა“, ხოლო „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ, როცა „ოცნება“ დაიშლება, მერე გადაწყვეტს.

სალომე ზურაბიშვილი: ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია

„ამ კითხვაზე პასუხი რამდენჯერმე მაქვს გაცემული. ჩვენთვის რადიკალიზმი და ძალადობა მიუღებელია. შესაბამისად, ლოგიკურად, „ნაცები“ არის “წითელი ხაზი”, არ გამოვა. ასევე, დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ ასეთი ფორმით ვეღარ შენარჩუნდება, ეს არჩევნები გადაივლის, „ოცნებაც“ დაიშლება და მერე ვნახოთ,“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატსა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის არსებობა „დაშვების დონეზე მაინც“ რომ სდომებოდა, ამის დემონტრირებას მოახდენდა.

მელია: 2 ოქტომბერს „ოცნება“ მარცხდება, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში

მელიას თქმით, ასეთ შემთხვევაში, კოალიცია „ოცნებასთან“ შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ახლა ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, როგორც ეს თავად თქვა, გამორიცხავს.

„გამომდინარე იქიდან, რა ჩაიდინეს, როგორ პოზიციონირებენ და სადამდე მიიყვანეს ეს სახელმწიფო, რომლის გადარჩენისთვისაც ვიბრძვით, რაც არ უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, იქამდეც მივიდნენ, რომ დაუფარავად უბრალოდ ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს უცვლიან, ასეთ ძალასთან თანამშრომლობა კოალიციურ ფორმატში, რა თქმა უნდა, გამორიცხულია,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასთან პარტიასთან კოალიციას, მელიას მოსაზრებით, მას უმძიმესი შეცდომები აქვს დაშვებული და შესაბამისად, მასთან ელემენტარულ ურთიერთობასაც კი გამორიცხავს.

„მთელმა საქართველომ იცის ჩემი და ბატონი გახარიას ურთიერთობა.  ჩემი აზრით, ამ ადამიანმა, ორი უმძიმესი შეცდომა დაუშვა და სანამ ამ შეცდომაზე ის სიმართლეს არ იტყვის და რას ვგულისხმობ: 20 ივნისი და ბაჩანა შენგელიას დედის სიკვდილი, ია კერზაიასი. მე ასეთ ადამიანთან არა უბრალოდ თანამშრომლობას, ელემენტარულ ადამიანურ ურთიერთობასაც გამოვრიცხავ“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ კი კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე საუბრისას თქვა, რომ იმ პოლიტიკური ძალასთან კოალიციას არ შექმნის, რომელიც იტყუება, ასეთი კი მისი თქმით, „ქართული ოცნებაა“.

ჩვენ გვინდა კოალიციური მთავრობა, ნამდვილი სასამართლო, მდიდარი და ნატო-ს წევრი უსაფრთხო ქვეყანა – ჯაფარიძე

„ჩვენ გვჯერა, რომ 2 ოქტომბერს ფაქტობრივად დასრულდება „ქართული ოცნების“ მმართველობა ამ ქვეყანაში და ძალაუფლებას გადმოვიბარებთ ჩვენ, აქ მსხდომი ხალხი, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები,“ – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, თანამშრომლობის შინაარსი არის ის, რომ „რაღაცაზე რომ ვთანხმდებით, ეს რაღაცა მერე უნდა შესრულდეს და ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ.“

„ამის გარეშე მე თანამშრომლობა უბრალოდ არ მესმის. დღევანდელ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არის გამორიცხული,“ – დასძინა მან.

ზურა ჯაფარიძე გახარიასთან თანამშრომლობასაც გამორიცხავს და ამბობს, გიორგი გახარია ასევე „გადამგდები და მატყუარაა.“ მისი თქმით, გახარია იმ ხელისუფლების ნაწილია, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა.

„დღეს, ამ წუთში ეგ ხალხი არის ჩვეულებრივი მატყუარა და გადამგდები და მაგის გამო შეუძლებელია რამე თანამშრომლობაზე ფიქრიც კი,“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება მოძრაობა „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, მან დღეს ნიკა მელიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „2 – 3 ოქტომბერს ღამე შეიკვრება კოალიციური უმრავლესობები ძალიან ბევრ ადგილას, თბილისის ჩათვლით,“ თუმცა, საამისოდ მისი თქმით, ამომრჩევლის აქტიურობაა საჭირო.

ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერის მქონე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა მედიასთან შეხვედრაზე ისიც თქვა, რომ  გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ  –„შეიკვრება კოალიციური უმრავლესობები და დაიწყება ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოლაპარაკებები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე.“

ელენე ხოშტარია: თუ ყველა მივალთ არჩევნებზე, ჩვენ ვართ მობილიზებულები, უმრავლესობა ოპოზიციის იქნება

 

mazda magti 5g