LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონი: “ვცდილობ რეაგირება არ მოვახდინო ქართველი პოლიტიკოსების უგემოვნო და უსაფუძვლო თავდასხმებზე, მაგრამ ახლა არჩევანი აღარ დამიტოვეს…”

558
BeFunky-collage (11)

“ვცდილობ რეაგირება არ მოვახდინო ქართველი პოლიტიკოსების უგემოვნო და უსაფუძვლო თავდასხმებზე, მაგრამ ახლა არჩევანი აღარ დამიტოვეს,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

„ქალბატონი წულუკიანი მაშინ გავიცანი, როდესაც ის ახალგაზრდა, დამწყები პოლიტიკოსი და იურისტი იყო. სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ რადიკალიზდა ამ წლების განმავლობაში და ახლა სიცრუესა და დეზინფორმაციას ავრცელებს.

ქალბატონმა წულუკიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ მე ვიყავი და ვარ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და ვიბრძოდი ქართველი ხალხის უფლებისთვის, აირჩიონ თავიანთი მთავრობა დემოკრატიულად. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებასთან დაკავშირებით ჩემი დადანაშაულება მიზანმიმართული ტყუილია, რომელსაც არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს.

„ქართული ოცნების“ დეზინფორმაცია კრემლის დონეს აღწევს. „ქართული ოცნება“ არ არის საქართველო, „ქართული ოცნების“ კრიტიკა იგივე არ არის, რაც საქართველოს კრიტიკა. ამიტომაც ვუწოდებ ჩემს თავს საქართველოს მეგობარს და არა „ქართული ოცნების მეგობარს“. შეწყვიტეთ ქვეყნის კარგი სახელის უკან ამოფარება. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს წარუმატებლობაზე.

ეს არ არის „პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი“, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას აკრიტიკებს, არამედ ესენი არიან წამყვანი პოლიტიკოსები, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკას განსაზღვრავენ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტსა და მის ფარგლებს გარეთ. შეამოწმეთ უახლესი განცხადებების ხელმომწერი პირები ან დაელოდეთ ევროპარლამენტის შემდეგ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

სხვათა შორის, ისინი იგივე პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ საქართველოს ინტერესებს, რომლებიც იბრძოდნენ ვიზალიბერალიზაციისთვის, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამასობაში ქართულმა ოცნებამ მოახერხა დემოკრატიის გაუარესება და ერთ წელიწადში, მედიის თავისუფლების კუთხით საქართველო 60-დან 89-ე ადგილზე დახია.

მე არ ვერევი საქართველოს საქმეებში. მე თქვენ გახსენებთ თქვენს მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომელიც არ შეასრულეთ. ვგულისხმობ 19 აპრილის შეთანხმებას. თუ გსურთ, რომ სერიოზულად იყოთ აღქმული, შეწყვიტეთ დაპირებების არ შესრულება, შეწყვიტეთ საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება. გამოასწორეთ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება, შეწყვიტეთ მიკროფონების ქურდობა, შეწყვიტეთ სიძულვილი და პოლარიზაცია.

მე მრავალი წელია ვარ საქართველოს და არა მისი მთავრობების მეგობარი. ადრე მასწავლეს ქართული სიბრძნე “მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო”. დროა „ქართულმა ოცნებამ“ გაცხარების ნაცვლად, ისწავლოს თუ როგორ გაუმკლავდეს კრიტიკასა და სიმართლეს“ , – დაწერა გერმანელმა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ “უცხოელების ვიწრო” ჯგუფს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად საქართველოს მთავრობის “გადაყირავების” ინტერესი აქვს.

“იმედის ეთერში” წულუკიანი მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრობდა, როდესაც დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებების შეფასება დაიწყო. “უცხოელების ვიწრო ჯგუფზე” საუბრისას წულუკიანმა ახსენა ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგა, აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი – ისინი, ვინც ქართულ ოცნებას აქტიურად აკრიტიკებენ.

წულუკიანმა მათ “უცხოელი ნაცებიც” უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g