LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთვის არის დახურული „პრაიმ შოუს“ კარი – ანრი ჯოხაძისა და ნინი ბადურაშვილის ყველაზე გულახდილი ინტერვიუ

978

„პრაიმ შოუს“ წამყვანები, ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი არა მხოლოდ კოლეგები, არამედ მეგობრებიც არიან. ამის მიუხედავად, ანრი ნინის მაინც აწვალებს, არ დაუმონტაჟა კლიპი, რომელიც ერთ-ერთ ახალ სიმღერაზე გადაუღო. ჩვენ წინ საზეიმოდ დაჰპირდა, რომ კლიპს მალე დაამონტაჟებს, რომ ნინის თაყვანისმცემლებმა იხილონ.

მომღერლებს ახალ გამოწვევაზე, ტელეწამყვანობაზე ვკითხეთ.

როგორია ერთად ტელეწამყვანობა?

ნინი:

მე დავიწყო ხომ? სულ ასე მტენის რაღაცებს, პირველად კონცერტს გახსნი შენ, შენ იმღერებ და შენ იტყვიო (იცინის). ძალიან საინტერესოა ტელეწამყვანობის პროცესი…

ანრი:

იქიდან გამომდინარე, რომ შენ ხარ საჭესთან და ეს ორივეს მოგვწონს…

ნინი:

ჩემი ბავშვობის აუხდენელი ოცნება იყო ჟურნალისტობა. მინდოდა, დიდი თოქშოუს წამყვანი ვყოფილიყავი, მაგრამ ოჯახმა ჩამიკლა ეს ოცნება, შენ ჟურნალისტი ვერ გამოხვალო…

ანრი:

და ჩასაკლავიც იყო, რადგან შენ რომ ჟურნალისტი ყოფილიყავი, ამ პროფესიას მომღერლობასთან ვერ შეათავსებდი…

ნინი:

ახლა ძალიან მომწონს. მიხარია, რომ კარგი გუნდი შევკარით. მე და ანრი გადაღებების დროს ძალიან ვერთობით, მაგრამ პირველ ეთერზე ძალიან ვინერვიულე. ვიფიქრე, ღმერთო, ეს რა ხდება, ამხელა მასშტაბის შოუ, პასუხისმგებლობა, ეთერში ჯდომა და იმის კეთება, რაც არასდროს გიკეთებია… პირველი ეთერი ჩემთვის ძალიან სარისკო და მღელვარე იყო, მგონი, გავართვით თავი.

ანრი, რა სირთულეები ახლავს ამ პროფესიას?

მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ადვილად გამოსდის, რასაც ხელს მოჰკიდებს. სხვა შემთხვევაში შეთავაზებებს არ ვთანხმდები. რა თქმა უნდა, არ ვარ ჟურნალისტი, მაგრამ ეს არის გასართობი შოუ და შესაბამისად, ჩემი ტერიტორიაა. ნინი, ზოგადად, ყველაფერზე ნერვიულობს, ასეთი ტიპია. სიმღერას რომ ჩაწერს, სანამ დაასრულებს, შეიძლება, ჯვარს გაცვას (იცინიან).

ნინი:

ისე, უნდა გაცვა ჯვარს. რამდენი ხანია, კლიპს ველოდები. შეჰპირდი ახლა ყველას და მეც, რომ კლიპი მალე იქნება.

ანრი:

ვპირდები, რომ ნინის კლიპს მალე დავამონტაჟებ. სანამ ჩვენი გადაცემა დაისვენებს, მანამდე ვაჩვენებთ მაყურებელს.

ვსაუბრობდით ახალ ამპლუაზე და ძალიან მოგვწონს, მაგრამ მორგების პროცესში ვართ. ბევრი რამ დასახვეწია, ამას ჩვენ თავადვე ვაფიქსირებთ.

ნინი:

ზოგჯერ ყაყანია, ერთმანეთს არ ვაცდით ლაპარაკს, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ხოლმე, როცა ტელევიზორს ვუყურებ და ჩვენც იმავეს ვაკეთებთ. ეს არის გამოსასწორებელი. მთლიანობაში კი, მგონი, საინტერესო სანახავია. მომწონს, როგორია სტუდია, რომ არის ბრჭყვიალა, ჩვენც გამოპრანჭულები ვსხედვართ, მოკლედ, შეფუთვა კარგია. სხვათა შორის, ვიღაცები გამინაწყენდნენ ამ გადაცემის გამო.

ანრი:

სხვათა შორის, დროა, აგერ ახლოს იუსტიციის სახლში გადახვიდე და აიღო პასპორტი ნინო გაბედავას სახელზე…

ალბათ, გიორგი გაბედავას მწარე კომენტარს გულისხმობთ ნინისთან დაკავშირებით, რუსეთს მიძღვნილი გადაცემის შემდეგ…

ნინი:

არც ვიცი, ვინაა ეს ბიჭი. მერე მამცნეს, რომ არის რუსეთის მხარდამჭერი. ყველას თავისი პოზიცია აქვს, მაგრამ ძალიან აგრესიული პოსტებით გამოირჩეოდა ჩემ მიმართ, მხოლოდ მე ამომიჩემა. საუბარი სოსო პავლიაშვილს შეეხებოდა, აღვნიშნეთ, რომ მისი საქციელი არ იყო ჩვენთვის მისაღები, მაგრამ არ გაგვილანძღავს. სოსოს ვიცნობ, პატივს ვცემ, კარგი მომღერალია. ეს გაბედავა რატომღაც შემომიჩნდა, გინდა თუ არა გალანძღეო…

ანრი:

იქნებ, მოსწონხარ და შენთან უნდა რაღაც. აქვს შანსი?

ნინი:

არა მგონია. რომ შევხედე, ასე ვიფიქრე (იცინის). რომ შევედი მის „ფეისბუქზე“, დამაინტერესა, ვინ იყო, ვიფიქრე, ხომ არ ვეკეკლუცო-მეთქი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ არ ღირდა. არ მომეწონა, რომ მომწონებოდა, შეიძლებოდა გავპრანჭულიყავი. მოსაწონად არ გამოიყურება. სამი ფოტო ვნახე და ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა მასზე (იცინის). ანრი, ხომ იცი, ამას რომ წაიკითხავენ, იქნება სკანდალი…

ანრი:

ძალიან გთხოვთ, მე სკანდალებით ნუ შემაშინებთ. გაბედავას ვთხოვოთ, მეოთხე ფოტო დადოს, იქნებ, მაშინ მაინც მოგეწონოს, მაგრამ ისე, რატომ უნდა მოგეწონოს. კარგი ბიჭები დადიან ქალაქში… (იცინის).

ანრი, შენ მაინც უფრო სკანდალური ტიპი ხარ, ვიდრე ნინი…

ნინი სკანდალური არის ამ სოციუმში. შეიძლება არ უნდა, მაგრამ ეხვევა სკანდალებში. მე შესაძლოა, რაღაც გამიზნულად ვთქვა, ვიღაცას არ მოეწონოს და ატყდეს ამბავი. ნინი ასეთ ამბებში არაგამიზნულად ეხვევა. არაფერს აკეთებს ასეთს, მაგრამ მაინც სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდება ხოლმე. სულ მინდა, ვასწავლო, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ასეთ დროს.

ნინი:

შენ რომ უზრდელურად უპასუხებ ვიღაცას სოციალურ ქსელში და მოისვრი „ფეისბუქიდან“, მე იმავეს ხომ ვერ ვუპასუხებ?

ანრი:

მითხარი, ვის უნდა ვუპასუხო და ამას შენ მაგივრად გავაკეთებ…

ნინი:

გთხოვ, მოხვიდე და უპასუხო გიორგი გაბედავას (იცინიან).

ანრი, დათო ხუჯაძემ გითხრა, მომღერალი ხარ და რა გინდა ტელეწამყვანადო, ასეთი აზრი სოცქსელში კიდევ დაწერა რამდენიმე ადამიანმა…

ეს არის, ბრბო რომ შეიკრიბება და არაფერი მოსწონთ, არც ღმერთი, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი იდეალურია. ასეთ ადამიანებს რაზე უნდა გასცე პასუხი? მე ხომ არ მიმყავს პოლიტიკური გადაცემა? ეს არის მსუბუქი მიმართულების, გასართობი თოქშოუ, სადაც შეგვიძლია, როგორც მოქალაქეებმა, პრობლემებზეც ვისაუბროთ. რუსეთში ლოლიტა მილიავსკაიას არ მიჰყავდა თოქშოუ? ფანტასტიკური წამყვანი გახლდათ.  აუცილებელია, ჟურნალისტი იყო, რომ თოქშოუ წაიყვანო? თუ ჟურნალისტის დიპლომზეა საუბარი, საერთო ჯამში ეს არაფერს იძლევა, ხომ ვიცით ძალიან კარგად.

ნინი:

გააჩნია, ვინ როგორ გაართმევს თავს. ვფიქრობ, მე შემიძლია ამ პროფესიის მორგება და თავის გართმევა. თეატრალურში სწორად მეტყველება ვისწავლე. ბევრს აქვს მსახიობის დიპლომი და არ ვარგა მსახიობად, ბევრს ჟურნალისტის დიპლომი აქვს, მაგრამ არაჟურნალისტმა შესაძლოა, უკეთ წაიყვანოს გადაცემა. თუკი ადამიანი საინტერესოდ საუბრობს ამა თუ იმ თემაზე, რატომ არ შეუძლია, იყოს გადაცემის წამყვანი?!. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ვართ ინგა გრიგოლიები. ინგა ყოველთვის მაჯობებს. ვფიქრობ, ჩვენს შოუს მსუბუქად უნდა შეხედონ, გაერთონ და მოისმინონ ჩვენი პოზიციები.

რაიმე თემა თუ არის, რაზეც არასდროს მოამზადებდით გადაცემას?

ანრი:

ამ გადაცემას არ აქვს პოლიტიკური მიმართულება. ბოლო გადაცემა პოლიტიკისკენ წავიდა, თუმცა სოციალური კუთხით, მაინც ადამიანებზე იყო გაკეთებული აქცენტი, სად გადის ზღვარი პატრიოტიზმსა და პირად ინტერესებს შორის, პოლიტიკოსები ეთერში თმით არ გვითრევია.

ნინი:

თემებზე არ მიფიქრია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ვისურვებდი ჩვენთან გადაცემაში სტუმრად.

ანრი:

ნინის აქვს გართულება, სახელებსა და გვარებს არ ვიტყვი. სხვადასხვა თოქშოუში პიარდებიან საეჭვო წარსულის ადამიანები, რომელთაც არანაირი დამსახურება არ აქვთ არც ერთ სფეროში, საზოგადოებას არ აძლევენ არაფერ საინტერესოს. არ უნდა მიიწვიო ცუდი ტიპი. ხშირად ჩვენი ტელევიზიები სცოდავენ ამ კუთხით. ძალიან ცუდ ტიპებს აპიარებენ და მერე მათ კარგი ტიპები ჰგონიათ თავები. ჩვენ ხომ ვიცით, მე, ნინიმ – შიდა სამზარეულოში ვინ ვინაა. რატომ უნდა ვაპიარო ტიპი, რომელიც სასტუმროებში 500 დოლარად კაცს თუ ქალს ემსახურება. ეგ საქმე შეუძლია, გააკეთოს უფასოდ და ხარისხიანად (იცინის). არ არის ის ჩემთვის კარგი სტუმარი გადაცემაში, სადაც მე ვარ ერთ-ერთი მთავარი წამყვანი.

შენ ყოფილხარ გადაცემაში სტუმრად, სადაც სტუმრის მკერდი მოგისინჯავს ხელით…

ამაზე არ არის საუბარი, ამაში ფული არავის გადაუხდია. მინდოდა, მეამა, იქნებ, რძე მინდოდა (იცინის)? სხვა საქმეა, როცა კაცი ან ქალი წახვალ და 500 დოლარად გაქირავდები.

ნინი:

მოკლედ, არიან ადამიანები, რომლებიც სტუმრებად არ გვინდა – ვისაც არაფერი შეუქმნია და არანაირი საინტერესო წარსული არ აქვს. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, სხვა ნიშის დაკავება გვინდა.

ანრი:

თუ ასეთ სტუმარს მოიწვევენ, ჩვენ კარგად მოვემზადებით, ვენებს გავამზადებთ და ვენებში შევუშვებთ იმ სტუმარს (იცინის). ზოგადად, ჩვენთან სტუმრობა არაა საშიში, ვფიქრობ, კეთილგანწყობილი წამყვანები ვართ. ნინო ნადირაძე-კუზანოვებისა თემების მიმართ ძალიან მწვავეა, სულ პროტესტი აქვს. აღმოჩნდა, რომ სალომე ღვინიაშვილიც ასეთია, ოღონდ დაბალ ხმაზე ამბობს სათქმელს, საყვარლად. ეს მრავალფეროვნება მომწონს.

ნინი:

როცა წინა დღეს ვიკრიბებით და ვმსჯელობთ თემაზე, არავინაა ერთ აზრზე. ეს ძალიან მაგარია და ესაა ჩვენი შოუს კოზირი.

სასიმღერო კარიერა უკან ხომ არ გადაიწევს ტელეწამყვანობის გამო?

ანრი:

ვერაფრით გადაიწევს. შევთანხმდეთ, რომ ამ შოუს აკეთებენ პროდიუსერები, გვყავს ნოე სულაბერიძე და ასევე გიჟი ქალი, მაია სტეფნაძე. ჩვენ ვერთვებით მაშინ, როცა თემის გაშლაა საჭირო და თათბირზე ვიკრიბებით. კვირიდან კვირამდე რომ ამით ვიყოთ დაკავებულები, ეს ასე არ ხდება.

ნინი:

ჩემს ცხოვრებაში რაც უნდა მოხდეს და მოვსინჯო სხვა პროფესია, ჩემთვის მთავარი მაინც მუსიკა, სიმღერაა. ვერასდროს ვიტყვი ამაზე უარს და არაფერს დავაკლებ. ბევრი გეგმა მაქვს. ეკასთან ერთად დუეტი ჩავწერე, ბატონი ანრი რომ კლიპს დაამონტაჟებს, მის პრემიერასაც შემოგთავაზებთ (იღიმის). ანრის აქვს დუეტის საინტერესო გეგმა…

ანრი:

ჩვენს კოლეგებს შევთავაზეთ, თუკი საინტერესო კლიპი, სიმღერა ექნებათ, დიდი სიამოვნებით გავაშუქებთ და ისე, როგორც სხვა ვერასდროს გააშუქებს. სხვა მომღერალი უფრო გრძნობს, როგორ გაუხარდება კოლეგას მისი სიმღერის პრემიერა ეთერში.

ნინი:

მაგაში ვერ დაგეთანხმები. ბევრ მომღერალს კოლეგის წარმატება არ უხარია, მაგრამ ჩვენ ხომ კეთილები ვართ. შენ ხშირად გილოცავენ კოლეგები პრემიერებს?

ანრი:

შიშით ვერ…

ნინი:

(იცინის) მე ცოტა მილოცავს და ყველა ძალიან მიყვარს, რადგან კარგი ადამიანები არიან.

untitled-3გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი თბილისი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g