საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი.
სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო
„სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის რეზოლუციები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, მოტივირებული, რომლის მთავარი მიზანიც არის, დააზიანოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან შემოქმედნი მსგავსი ტიპის რეზოლუციების, შეგნებულად თუ შეუგნებლად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დაზიანებას. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას არაფერი შეაფერხებს და მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ანგარიშები ყოველ წელს, რომელიც მზადდება ჩვენი ვალდებულებების მიმართულებით. საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს იმ ვალდებულებებს, რომელიც გვაქვს ევროპელი პარტნიორებისგან. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს. ეს განცხადებებიც არის ანგაჟირებული პოლიტიკური მიზნით იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ვინც ამაზე საუბრობს, მგონი, ეს ხალხი არ ემსახურებიან საქართველოს ევროპულ ინტერესებს, საქართველოს ევროპულ მომავალს“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ ერთეულად არის მოხსენიებული:
„საქართველოს ოკუპაცია ეს არის მოცემულობა და თუ დღეს ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, აქ უკვე პრობლემა გვაქვს. ჩვენს შემთხვევაში ძალიან ბევრჯერ გვახსოვს რეზოლუციები, რომლებიც საფუძველს მოკლებულია და არ ეფუძნება არაფერს, ჩვენ გვახსოვს დამოკიდებულება მსგავსი ტიპის რეზოლუციების შემოქმედების. აქაც იგივე დამოკიდებულება შეგვიძლია ვივარაუდოთ.
ხალხისთვის, ვინც მსგავსი ტიპის რეზოლუციებზე მუშაობს, მნიშვნელოვანი არ არის, შიგნით რა წერია, მნიშვნელოვანია, რა მიზანი აქვთ. შესაბამისად, ვფიქრობ, აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საქართველო მყარად დგას საკუთარ პოზიციებზე, ვაგრძელებთ პარტნიორებთან კომუნიკაციას იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს და ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი, გარდაუვალი პროცესი და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ შედეგიან პროცესს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.