საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩებთან ერთად იმყოფებოდა, ხელახალ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, რადგან მისმა პირველმა კომენტარმა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გააკეთა, ინტერპრეტაციის საშუალება დატოვა, ამიტომ უწყებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ დაეზუსტებინათ.
საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო, თუმცა მათი ფიზიკური მობილიზაცია არ გაუკეთებია. კონსტანტინიდი აცხადებს, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა თავად გამოხატა ინტერესი და მივიდა პარლამენტში.
ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.
საგარეო უწყება გახარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
“ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, ისევე როგორც ჩვენი უწყების, ასევე სხვა უწყებების მიერ. თუმცა თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ მობილიზაციას, ასეთი რამ არ ყოფილა. თვითონ თავიანთი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ჩვენს უწყებას, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებს.
ნახეთ, რომ იქ იმყოფებოდა გერმანიის ელჩი. ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ კიდევ რომელი ელჩი იმყოფებოდა, თუმცა იქ იყო დიპლომატიური კორპუსი,” – განაცხადა კონსტანტინიდმა.
მანამდე კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ პირველად ესმის, რომ ვინმემ ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი ეცადა დაეზუსტებინა გახარიას განცხადება იმის თაობაზე, რომ მინისტრის თქმით, 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს, კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ კითხვა გაიგო ძალიან კარგად და არ ადასტურებს ასეთ ინფორმაციას.