გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ი ხარჯების ოპტიმიზაციას აგრძელებს და ოპერაციული დანახარჯების შემცირების ახალ ნაბიჯებს გეგმავს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ოლივერ ბლუმემ გამოცემა Manager Magazin-თან განაცხადა, 2028 წლისთვის ევროპაში წარმოების მოცულობა დაახლოებით კიდევ 1 მილიონი ავტომობილით შემცირდება.
ცვლილებები პირველ რიგში შეეხება ბრენდებს Volkswagen და Audi.
2025 წლის ბოლოსთვის კონცერნს ჰქონდა წარმოების ისეთი სიმძლავრე, რომელიც წლიურად 12 მილიონამდე ავტომობილის გამოშვების საშუალებას იძლეოდა, თუმცა რეალურად გაყიდვებმა 9 მილიონსაც ვერ მიაღწია. ბლუმეს შეფასებით, ეს სიმძლავრეები ზედმეტია, ხოლო წარსული წლების მსგავსი პროდუქციის დაგეგმვა დღევანდელ პირობებში არარეალისტურია. მისი თქმით, ბოლო წელი, როდესაც ბაზრები პროგნოზირებადი იყო, 2019 იყო.
კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ავტობაზარზე ვითარება კიდევ უფრო რთულდება გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო. მათ შორის მან დაასახელა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ტარიფები, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და მაღალი კონკურენცია ჩინეთში.
მიუხედავად ამისა, ბლუმეს თქმით, მსგავსი პირობები უკვე „ახალ ნორმად“ იქცა და კონცერნს კრიზისთან გამკლავება შეუძლია. შესაძლო ნაბიჯებს შორის განიხილება იმ ევროპული ქარხნების გაყიდვა, რომლებიც სრული დატვირთვით არ მუშაობს, ასევე სხვა კომპანიებთან პარტნიორობის გაფართოება – მსგავსი პრაქტიკა უკვე გამოიყენება ჩინეთის ბაზარზე.