ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზეა დაკავებული, საბედისწერო ღამეს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში, რომელიც “ინტერპრესნიუსმა” მოიპოვა, გიგა ტატიაშვილი განმარტავს, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებაში მას მონაწილეობა არ მიუღია.
„გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა“: ადვოკატი
ახვლედიანმა არაგვის მახლობლად, ხევში მიმალვა შეძლო.
ტატიაშვილის თქმით, მან არაერთხელ სცადა კონფლიქტის განმუხტვა, თუმცა უშედეგოდ. რაც შეეხება გარდაცვლილს, ტატიაშვილი ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილს ის არ იცნობდა და ისიც კი არ იცის, კონკრეტულად რომელი იყო დაბადების დღის სტუმრებიდან. მისი განმარტებით, ახალგაზრდას დაკარგვის შესახებ, იუბილარის, ანას გაბეჩავასგან გაიგო.
“როდესაც მივედით მე და ჩემი მეგობარი ანასთან, ქალაქ მცხეთაში, იქ დაგვხვდნენ ჩემი კლასელები – ანა გაბეჩავა, ეთერ ხოშტარია, ვანო ტეგაძე, ლაშა შერმადინი, ნ.ც. გიორგი მერაბიშვილი, სალომე თოდუა, ირაკლი მუმლაძე და ჩემთვის უცნობი სამი პიროვნება, რომელთაგან ორი გამეცნო. ერთი იყო თენგო ბარბაქაძე, ხოლო მეორე იყო ქანაშვილი, რომლის სახელი არ მახსოვს. აქვე დავამატებ, რომ ჩემ მიერ ნახსენები პიროვნებები უკვე ქეიფობდნენ, იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში, ჩვენც მიგვიპატიჟეს, თუმცა, მე არ დამილევია, რადგან არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელს, ხოლო ჩემმა მეგობარმა თამაზ დათაშვილმა დალია. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივედით დაბადების დღეზე, დაახლოებით, გასული იყო 40 წუთი, როდესაც ჩვენ სუფრას შემოემატნენ კიდევ ეტაპობრივად, მთლიანობაში, დაახლოებით, 15 ადამიანი, რომელთაგან ჩემთვის ყველა უცნობი იყო. მათაც დაიწყეს დალევა და ვინაიდან ყველა იყო ნასვამი, მე ვცდილობდი მათგან გარიდებას, რადგან ჩემი ზემოთხსენებული კლასელები, ასევე, ახალგაცნობილი თენგო ბარბაქაძე, ქანაშვილი, რომლის სახელი არ ვიცი და ასევე ჩვენს სუფრაზე შემომატებული ახალგაზრდა, ჩემთვის უცნობი ბიჭები ერთმანეთში კამათობდნენ და ერთმანეთს სიტყვებზე ეკიდებოდნენ, რაზედაც მე ვცდილობდი გავსულიყავი სახლის უკანა აივანზე და იქ ვყოფილიყავი, რადგან არ მინდოდა, რომ ვინმესთან მეკამათა.
დაახლოებით, იქნებოდა ღამის 23:00 საათი, როდესაც მე აივნიდან შევედი სახლში, სადაც იყო წვეულება და დავინახე, რომ ტირილით შემოვიდა ანა გაბეჩავა და ყველას გვეუბნებოდა, რომ სახლიდან წავსულიყავით, რაზეც მე მას ვკითხე, თუ რა ხდებოდა და მითხრა, რომ გარეთ ჩხუბობდნენ ჩვენი სუფრის წევრები, ხოლო ვინ, მას არ დაუკონკრეტებია. აღნიშნულის გაგებისთანავე მე გავედი გარეთ, ეზოში და დავინახე, რომ ვახო ჩიქოვანს და ნიკა ხეჩოშვილს სახეზე და თავზე ჰქონდა დაზიანებები, ხოლო ვინ მიაყენა, ან რითი, ეს დაზიანებები მე არ დამინახავს, თუმცა სიტუაცია იყო განმუხტული და ჩხუბის მონაწილე პირები ცდილობდნენ ტერიტორიიდან წასვლას, რაზეც მე ჩემ მეგობარს, თამაზ დათაშვილს ვუთხარი, რომ წავსულიყავით და გავრიდებოდით აღნიშნულ სახლს, რაზეც დამთანხმდა და ჩემი მართვის ქვეშ მყოფი “მერსედესის” მარკის ავტომანქანით წავედი ქალაქ თბილისის მიმართულებით და ასევე მე და თამაზს გამოგვყვა ჩემი კლასელი ირაკლი მუმლაძე და ნ.ც. და ჩვენ ოთხივე მივედით ნახალოვკაში, “მადას” საკონდიტროსთან. მე გავაჩერე ავტომანქანა, საიდანაც გადავიდნენ ჩემი თანმხლები პირები და შევიდნენ არკას შენობაში. მე გადავწყვიტე, რომ დავლოდებოდი თამაზს, რომელიც უნდა წამეყვანა სახლში, თუმცა, იგი აღარ გამოვიდა, რადგან დარჩა მეგობართან, ხოლო ნ.ც. და ირაკლი მუმლაძე გამოვიდნენ არკას შენობიდან, რომლებსაც მოყვებოდნენ თენგო ბარბაქაძე, ქანაშვილი, რომლის სახელი მე არ ვიცი და ასევე მათ მოყვებოდა სრული აღნაგობის დაახლოებით, 20-25 წლის ბიჭი, რომელსაც ჰქონდა წვერი, ხოლო მე მისი სახელი და გვარი არ ვიცი, რადგან არ გამცნობია, თუმცა ნახვის შემთხვევაში მე შემიძლია მისი ამოცნობა. მათ მთხოვეს, რომ ისინი უკან წამეყვანა მცხეთაში, რადგან ჩემი კლასელები – ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი იქ იყვნენ დარჩენილი და ვერაფრით მოდიოდნენ უკან, რაზეც მე მათ დავთანხმდი და ვუთხარი, რომ წავიყვანდი მათ უკან, რის შემდგომაც ჩემ გვერდით დადგა ჩემთვის უცნობი, სრული აღნაგობის პიროვნება, ხოლო უკანა სავარძელზე დასხდნენ ნ.ც. ირაკლი მუმლაძე, თენგო ბარბაქაძე და ქანაშვილი, რომლის სახელიც არ ვიცი და წავედით ჩემი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მცხეთის მიმართულებით, რა დროსაც ჩემი მანქანის უკანა სალონში მჯდომი ერთ-ერთი პიროვნება, კონკრეტულად რომელი არ ვიცი, საუბრობდა მობილურზე და მისი საუბრიდან გავარკვიე, რომ ჩემ მანქანას უკან მოსდევდა სხვა მანქანა, ხოლო იმ მანქანაში ვინ იჯდა, მე ეს არ ვიცი, რადგან მობილურზე ლაპარაკისას ეს არ დაუკონკრეტებია. როდესაც ჩვენ შევედით მცხეთაში, ვინაიდან მე ვიცოდი, რომ ჩემი კლასელები – ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი ფეხით მოძრაობდნენ გზის მეორე მხარეს და მიდიოდნენ თბილისის მიმართულებით, მე მანქანა დავატრიალე ნატახტართან მდებარე ხიდზე და წავედი თბილისის მიმართულებით, სადაც გზაზე შემხვდნენ ზემოთაღნიშნული ჩემი კლასელები. მე მათ გავუჩერე მანქანა, ვიფიქრე ჩასხდებოდნენ, თუმცა, მათ ჩემ მანქანაში მყოფ პირებს უთხრეს, რომ მათ წინ მიმავალი დაახლოებით, 5-6 ახალგაზრდა, ჩემთვის უცნობი ბიჭები იყვნენ ისინი, ვინც სცემეს ჩემი კლასელები, რაზედაც ჩემ მანქანაში მსხდომმა პირებმა მითხრეს, რომ აღარ წავსულიყავი და მანქანა გამეჩერებინა, თუმცა მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა, რომ მომხდარიყო ჩხუბი, მაგრამ ჩემ მანქანაში მსხდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ მანქანის კარები და გადმოსულიყვნენ, რაზეც იძულებული გავხდი მანქანა გამეჩერებინა და როდესაც გავაჩერე მანქანა, ჩემი მგზავრები გადმოვიდნენ და გაიქცნენ ჩვენ წინ ფეხით მოძრავი, ჩემთვის უცნობი პიროვნებების მიმართულებით, რა დროსაც დავინახე, რომ ჩემ გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პიროვნებამ, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, დაარტყა ერთ-ერთს ფეხში, რა დროსაც ჩვენ წინ ფეხით მოძრავი პირები გაიქცნენ, რომლებსაც გაეკიდნენ ჩემი მგზავრები და ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს, რომელსაც ჩემი ყველა თანმხლები პირი ურტყამდა. მე მათ ვთხოვდი თავი დაენებებინა მისთვის და წამოსულიყვნენ, თუმცა, ისინი მაინც აგრძელებდნენ ჩემთვის უცნობი პირების ცემას და მე ჩემ მგზავრებს, ასევე ლაშა შერმადინს და გიორგი მერაბიშვილს მოვატყუე, რომ მოდიოდა პოლიცია, რაზედაც ჩემი კლასელები – ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი, თენგო ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ქანაშვილი, რომლის სახელიც არ ვიცი, ასევე ჩემთვის უცნობი სრული აღნაგობის პიროვნება და ნ.ც. ჩასხდნენ ჩემ მანქანაში და ყველა ერთად წავედით თბილისში, რა დროსაც გზაში თენგო ბარბაქაძემ მითხრა, რომ მას მანქანა ჰყავდა დატოვებული მცხეთაში, ნაქირავებ სახლში და მთხოვა იქ მიმეყვანა, რაზედაც მე მანქანა დავატრიალე რესტორან „საჭაშნიკესთან“ და წავედი მცხეთის მიმართულებით, სადაც ჩემი თანმხლები პირები ჩავიყვანე აღნიშნულ სახლში, ვინაიდან მე მინდოდა საპირფარეშოში შესვლა, შევედი სახლში, სადაც ვნახე ჩემი კლასელი ეთერ ხოშტარია, რომელიც იყო თავის შეყვარებულთან, ვანო ტეგაძესთან ერთად. მე შევედი საპირფარეშოში, იქიდან გამოვედი დაახლოებით, 5 წუთში, ჩავჯექი ჩემ ავტომობილში, გვერდით დამიჯდა ჩემთვის უცნობი, სრული აღნაგობის პიროვნება, ასევე უკან სავარძელზე დაჯდა გიორგი მერაბიშვილი და ნ.ც. და ოთხივე ერთად წამოვედით თბილისში. მე ისინი დავტოვე ნახალოვკაში მდებარე „მადას“ საკონდიტროსთან მდებარე არკას შენობაში და მარტო წავედი სახლში“, – აცხადებს ტატიაშვილი.
გიგა ტატიაშვილი ასევე აცხადებს, რომ მას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია და მისთვის არავის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, ვინაიდან ჩხუბის ფაქტს არ შესწრებია.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ერთ-ერთი მათგანია გიგა ტატიაშვილი, რომელსაც გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.