LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წაგების უფლების გარეშე: საქართველომ შეტევები უნდა დააგვირგვინოს

133

ნოემბრის ტესტ სერიის მეორე მატჩამდე, საქართველოს და სამოას მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტანებმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს. ტრადიციულად, პირველად პრესკონფერენციაზე სტუმართა გუნდის წარმომადგენლები გამოცხადდნენ.
ალამა იერემია (სამოას მთავარი მწვრთნელი): მოგესალმებით დიდი სიყვარულით. ივნისის ტესტ-მატჩისგან განსხვავებით, ხვალ ჩვენ უკეთესი შემადგენლობა გვეყოლება. მაშინ ევროპელი ლეგიონერები მოვისაკლისეთ, ახლა კი, უფრო გამოცდილი გუნდით ჩამოვედით. სამწუხაროდ, უძლიერესი შემადგენლობა ვერც ამჯერად შევკრიბეთ, თუმცა ვინც არიან მათი იმედი გვაქვს და ვეცდებით ქართველთა ძლიერი შერკინება შევაჩეროთ.

წლების წინ სამოას უკეთესი ნაკრები ყავდა, ვიდრე ახლა. გუნდი რამდენიმე გამოცდილმა მორაგბემ დატოვა და ახლა ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ. ეს შორეული პერსპექტივაა, უახლოეს მიზანს კი, რაგბში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი საქართველოს დამარცხება წარმოადგენს“.
რთული თამაშის მოლოდინშია სამოას ნაკრების კაპიტანი დევიდ ლემი: „საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ივნისშიც ვითამაშე და ვიცი, რომ ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელსაც კონტაქტური რაგბი უყვარს. ისიც ცნობილია, რომ ჩვენს მსგავსად, ივნისში ლიდერები საქართველომაც მოისაკლისა. ახლა მასპინძლები საუკეთესო შემადგენლობით გვხვდებიან და უფრო რთული მატჩის მოლოდინში ვარ.“
ამის შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი გამოცხადდნენ. მილტონ ჰეიგის თქმით, იაპონიის შემდეგ გუნდის სათამაშო სტილი დიდად არ შეიცვლება:

„ჩვენს თამაშში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება. მთელი ერთი კვირის განმავლობაში, ყურადღება შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაზე გვქონდა გამახვილებული. მნიშვნელოვანია, რომ წინა შეხვედრის მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ.

გუნდის შემადგენლობაში ტრავმების გამო ორი ცვლილებაა. გიორგი კოშაძე იმ მორაგბეთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც დიდი ხანია ვაკვირდები. ის ღონიერი, სწრაფი და გონიერი ბიჭია, რომელსაც სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. დაცვის მხრივ მისგან პრობლემებს არ ველოდებით. ბოჭვებში ის ძალიან კარგია და თუ შეცდომა დაუშვა, ეს მხოლოდ ტექნიკური წუნის ბრალი იქნება და სხვა არაფრის. მას დებიუტი დიდ თამაშში, ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ექნება და იმედიანად ვართ განწყობილი.

რაც შეეხება შეცვლაზე მყოფ მორაგბეებს. რეზი ჯინჭველაშვილი თადარიგში არა ფიზიკური, არამედ გონებრივი შესაძლებლობების გამო მოხვდა. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც სხვებს, მასაც მოუწევს ბოჭვების შესრულება, თუმცა სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე, მისი მთავარი დანიშნულება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა. დარწმუნებული ვარ, იმ პერიოდში, რა პერიოდითაც მოედანზე იქნება, ამას ძალიან კარგად მოახერხებს“.

ბორჯღალოსნების კაპიტანი მამუკა გორგოძე ამბობს, რომ იაპონიასთან მარცხის შემდეგ, გუნდის წაგების უფლება აღარ აქვს:

„ორივე გუნდი დაახლოებით ერთი სტილით ვთამაშობთ. ორივეს კოზირი ფიზიკური სიძლიერეა და რთული თამაშის მოლოდინში ვარ. ვფიქრობ, შანსები თანაბარია. იაპონიასთან მატჩის სტატისტიკას თუ გადავხედავთ და თამაშსაც გავიხსენებთ, სრულად ვდომინირებდით. როგორც ჩანს, ამ დომინირების ფონზე ყურადღება მოვადუნეთ და ამის გამო დავისაჯეთ. ასეთ თამაშს ათასიდან ერთს თუ წააგებ და ის ერთი მაინცდამაინც ჩვენ დაგვემართა. წაგების უფლება აღარ გვაქვს და მაქსიმუმს გავიღებთ სასურველი შედეგის მისაღებად“.
მატჩი ეძღვნება გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას “გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები