პაატა ბურჭულაძე აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს წერილით მიმართავს. ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და კელი დეგნანს სთხოვს არ აჰყვეს მათ პოლემიკაში და წერილი აღიქვას, როგორც „ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ აშშ-ს ელჩი პროვოკაციაში ჩაითრიონ“.
„ღია წერილი მის აღმატებულებას, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს.
თქვენო აღმატებულებავ,
დღეს წავიკითხე 3 აღშფოთებული „პატრიოტი“ დეპუტატის თქვენდამი გზავნილი ღია წერილი.
ჯერ მინდოდა მათთვის მიმეწერა იმ არარაობაზე და მავნებლობაზე, რაც იმ წერილშია მოყვანილი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან მივხვდი, რომ ამას აზრი არ ექნებოდა. მათ და მათმა პარტიის სამეგობრომ უკვე დიდი ხანია დაკარგა ხალხის ნდობა, პატივისცემა და რწმენა იმისა,რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს და მის სწრაფვას ევროპაში.პარლამენტის წინ ბოლო მიტინგები ამის უტყუარი საბუთია.
თქვენო აღმატებულებავ, მაპატიეთ, რომ მოგმართავთ ამ თხოვნით: თქვენ დიდი ქვეყნის ძლიერი დიპლომატი ბრძანდებით. უკეთ იცით თუ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში, მაგრამ ჩემი, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის თხოვნა იქნება, რომ არ აჰყვეთ მათ პოლემიკაში. ქართველებს გვაქვს ანდაზა: ძაღლი იყეფებს, იყეფებს და გაჩერდება. მათი წერილი აღიქვით, როგორც ბიძინა ივანიშვილის მცდელობა ჩაგითრიოთ პროვოკაციაში.
მე და დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ვემიჯნებით ამ წერილში მოყვანილ ყველა სიტყვას და საპირისპიროდ, მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს ქვეყანას იმ დიდი დახმარებისთვის და თანადგომისთვის, რასაც ათწლეულებია ღებულობს თქვენგან დამოუკიდებელი საქართველო“,- წერს პაატა ბურჭულაძე.
