LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წელს 65 წელი შემისრულდა და როგორც ჩანს, ვატო კახიძემ ჩათვალა, რომ დროა გავმართოთ მასშტაბური კონცერტი” – ეკა მამალაძე „არტ-FM“-ში

553
ეკა-მამალაძე

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ ეკა მამალაძე სტუმრობდა, რომელმაც მაისის თვეში დაგეგმილ სოლო კონცერტზე ისაუბრა.

წლების მანძილზე ვთხოვდი ვატო კახიძეს საღამოს გაკეთებას და როგორც იქნა,  დავითანხმე. ეტყობა, მივაღწიე იმ ასაკს, როცა სოლო კონცერტის გამართვა შეიძლება, ამიტომ წელს, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ჩემი საღამო. ძალიან მინდოდა 60 წლის იუბილეს კონცერტით აღნიშვნა, თუმცა პანდემია დაემთხვა, ამიტომ მხოლოდ პატარა საღამო გავაკეთე ზურა შევარდნაძის ბაღში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზურას, რადგან სწორედ მისი მოხერხებულობის წყალობით შედგა ჩემი საღამო.

წელს 65 წელი შემისრულდა და როგორც ჩანს, ვატო კახიძემ ჩათვალა, რომ დროა გავმართოთ მასშტაბური კონცერტი. საერთოდ, ძალიან განებივრებული ვარ ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გამართულ კონცერტებში მონაწილეობით, რადგან იდეალურად ვერგებით ერთმანეთს მუსიკალურად. დიდი ხანია ოჯახებით ვმეგობრობთ, ადრე მეზობლებიც კი ვიყავით, მე და ვატო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და შესაძლოა, სწორედ ამიტომ გვაქვს ერთნაირი მუსიკალური გემოვნება.

სამწუხაროდ, დღეს გემოვნების სერიოზული დეფიციტია. ყველას ადვილი ჰგონია სიმღერა და ყველა მღერის. რა თქმა უნდა, ძალიან მუსიკალური ერი ვართ და ყველას აქვს სიმღერის უფლება, მაგრამ პროფესიონალიზმი სულ სხვა რამეა. ბრწყინვალე საღამოები ეწყობოდა ჩვენს სახლში, სულ სხვა მუსიკას, ნამდვილ მუსიკოსებს ვუსმენდით, მათ გარემოში გავიზარდეთ და კარგი სიმღერის ფასიც ვიცით. ვატოს საათობით შეეძლო მეცადინეობა, დღესაც მესმის მისი ნაბიჯების ხმა, როცა კაბინეტში შედიოდა და დაკვრას იწყებდა.   

კონცერტის პროგრამა ერთად შევადგინეთ მე და ვატომ. დიდხანს ვიკამათეთ, ზოგი სიმღერა მოვიწონე, ზოგი კი, დავიწუნე, რადგან საკუთარი ხედვა მაქვს და ვთვლი, რომ 65 წლის ასაკში აღარ შეიძლება ვიმღერო დედას სიმღერები.  რა თქმა უნდა, დედასთვის ბევრი კომპოზიტორი წერდა, მაგრამ ჩემთვისაც ბევრი სიმღერა შეიქმნა. მაგალითად, როცა ბატონი ჯანო კინოსთვის წერდა მუსიკას, ყოველთვის მე მეძახდა ქალის ხმა თუ სჭირდებოდა. ახალგაზრდობაში ამდენს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა დავაფასე, რამდენად ბევრს ნიშნავს, როცა ასეთი ბუმბერაზ კომპოზიტორს შენი ნამღერი მოსწონს. ძალიან განვიცადე ბატონი ჯანოს გარდაცვალება, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მზრუნველი მამა დავკარგე. ვფიქრობ, ძალიან ბევრი დარჩა გასაკეთებელი, რადგან საოცარი ნოვატორი იყო, სულ სიახლეს ეძებდა და არაჩვეულებრივ კონცერტებს აწყობდა. სხვათა შორის, პირველმა სწორედ მან მოაწყო საშობაო საღამო.

ძალიან მიყვარს სიმღერა „განშორება“, რომელიც მე მომიძღვნა ბატონმა ჯანომ. საშინლად აღელვებული იყო ჩაწერისთვის მზადებისას, მანამდე არასდროს მენახა ასეთი და ძალიან გამიკვირდა, თუმცა საოცრად ემოციური შესრულება გამოვიდა, ორჯერ ჩავწერეთ სიმღერა და ორჯერვე სრულად დაიხარჯა. მართალია, იქ მყოფმა რეზო გაბრიაძემ კიდევ ერთხელ და უფრო ემოციურად ჩაწერა სთხოვა, მაგრამ ჯანომ უარი უთხრა, რადგან მეტი ემოციურობა უბრალოდ შეუძლებელი იყო. 2 წლის წინ „განშორება“ პირველად შევასრულე ვატოსთან ერთად, ამიტომ აუცილებლად შესრულდება სოლო კონცერტზე. მართალია, ცოტა რთულად აღსაქმელი სიმღერაა, მაგრამ იმედი მაქვს მაყურებელი მოიწონებს. საერთოდ, ყველა სიმღერას თავისი გზა და ბედი აქვს, არის მხოლოდ რადიოსთვის, ან მხოლოდ სპექტაკლისთვის შექმნილი სიმღერები, რომლებიც განსხვავებულად, თითქოს ნაკლულად სრულდება სცენაზე.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ვღელავ კონცერტის წინ, მაგრამ განსაკუთრებული რიტუალები არასდროს მქონია, მხოლოდ პირჯვარს ვიწერ და ვცდილობ განვმარტოვდე, რადგან მხოლოდ ასე შემიძლია დამშვიდება და კონცენტრირება. სიმართლე ვთქვა, ადრე სიმღერის ტექსტი მავიწყდებოდა, თუმცა ბოლო დროს გამოვსწორდი. ვფიქრობ, მთავარი ემოციაა, რომელსაც ჯერ თვითონ განიცდი, მერე კი, მაყურებელს გადასცემ.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g