LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერეთლზე, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობის მიმართულება იცვლება

147
TCH46418

აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება.

კერძოდ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით. გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა ასევე, შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით.

გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი ცაბაძის ქუჩის ნაწილზე და გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ცალმხრივად. კერძოდ, ავტომობილები იმოძრავებენ თევდორე მღვდლის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.

აკაკი წერეთლის გამზირზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია 1 თებერვალს დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა. რეაბილიტაციის შედეგებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, დაპირება გზის გახსნასთან დაკავშირებით შესრულებულია, დარჩენილი, მიმდინარე სამუშაოები კი მარტში დასრულდება.

მისივე თქმით, გზის შუა ნაწილში განთავსდება საავტობუსო ზოლი, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავისუფლად და სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები, ასევე, მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მონტაჟი, რომელიც მარტში დასრულდება.