„გაიხსენეთ, როდესაც ერთი სპორტის გამარჯვების იმედად ვიყავით, ახლა კი სახეზე გვაქვს თანაბრად და კარგად განვითარებული სპორტის თითქმის ყველა სახეობა, რაც თანმიმდევრული და ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე საუბრის დროს განაცხადა.
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, „როცა სპორტის თითქმის ყველა სახეობა უმაგრეს მაჩვენებლებს დებს, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკურად გავძლიერდით“:
„ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის უტყუარ და ამავდროულად არაპირდაპირ მაჩვენებელზე მინდა ვისაუბრო – სპორტის წარმატებაზე. ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყანა პერმანენტულ სპორტულ წარმატებებს ზეიმობს.
როდესაც საქართველო მასპინძლობს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს – ევრობასკეტს, მასპინძლობს უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, ამავდროულად, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველად, თამაშობს და ძალიან წარმატებულად, რაგბიში კი უკვე მივეჩვიეთ უდიდეს წარმატებებს – როგორ არ ვახსენოთ, რომ უმაღლესი რანგის ქვეყნებს – უელსს და იტალიას მოვუგეთ…
ახლაც კი ევროპის თამაშები მიდის და ოქროს 4 მედალი გვაქვს უკვე აღებული, როცა სპორტის თითქმის ყველა სახეობა – ჯგუფური თუ ინდივიდუალური ამ უმაგრეს მაჩვენებლებს დებს, ეს მხოლოდ მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკურად გავძლიერდით, რადგან მხოლოდ მდიდარი ქვეყნის ფუფუნებაა, რომ ჰქონდეს მრავალმხრივ განვითარებული და წარმატებული სპორტი, სადაც გვჭირდება კეთილმოწყობილი მოედნები, აუზები, ჩემპიონატების საჭირო ფინანსები“, – თქვა ნინო წილოსანმა.
