LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აფხაზეთში სამარხების გახსნის ახალი ეტაპი დაიწყო

78
Untitled design (2)

1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიზნით, 26 მაისს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) აფხაზეთში სამარხების გახსნის ახალი ეტაპი დაიწყო.

2021 წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 30-ზე მეტი სავარაუდო სამარხის გახსნას გეგმავს.

კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროცესში კომიტეტის ექსპერტები ადგილობრივ გადამზადებულ სპეციალისტებთან ერთად ჩაერთვებიან.

სამარხების შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოიძიეს, მიზანი კი მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულია – დაკარგული ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახებმა შეიტყონ:

“92-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ პირთა მოძიების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმი წჯსკ-ს თავმჯდომარეობით ფუნქციონირებს და მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზანს ემსახურება – ოჯახებმა შეიტყონ დაკარგული ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ.

2010 წელს ორი საკოორდინაციო მექანიზმის (რომელთაგან ერთი 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს) შექმნის შემდეგ, მათი ეგიდით 583 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 206 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.

მთლიანობაში, 2 355 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით“. – აღნიშნულია ინფორმაციაში.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში აცხადებენ, რომ კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული სხვა ადამიანების ხვედრის დასადგენად მუშაობას აგრძელებენ.