კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მათი მხარდამჭერებისგან ბევრი საუბარია შერიგებაზე, მაგრამ მათ შერიგება პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა სთხოვონ, ვისაც შვილები მოუკლეს.
ამის შესახებ მან “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.
მანვე აღნიშნა, რომ მათი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ “ოცნება” წულუკიანის თქმით, ჰუმანური ძალაა.
„პირველი ტურის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ არა ერთ ადგილას აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს კვლავ უმრავლესობა, რაც ამდენი წელი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ადვილი არ არის. ბოროტმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხრა წლის თავზე ვეღარ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, ჩვენ კი ეს შევძელით. იმიტომ, რომ ჰუმანური ძალა ვართ. კი ბატონო, ბევრი სისუსტეებით და ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ბოროტებით მართავს და, რომელიც ცეცხლით და მახვილით მართავს.
ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ არც ერთი შეცდომა არ არის ისეთი, რომელიც თუნდაც, იმას გვაფიქრებინებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არა ქვეყნის განვითარება, არამედ ჩაგვრა და ახალგაზრდებისთვის მომავლის პერსპექტივის მოსპობა სურს. ეს ყველაფერი არის პირიქით და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი საზოგადოება ხედავს“, – განაცხადა წულუკიანმა.
