ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფესორი, ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში წერს, რომ ნასას გლობალურ ჰაკათონში, 2200 გუნდიდან 340 შეირჩა, მათ შორის კი ორი ქართული გუნდი მოხვდა.
“ამ წუთას მივიღეთ მეილი ნასადან. ნასას ადგილობრივი ჰაკათონი რომ გვქონდა ოქტომბრის დასაწყისში, საქართველოდან ორი გუნდი შეირჩა – ილიაუნის სტუდენტების და კომაროვის მოსწავლეების. სულ მსოფლიო მასშტაბით გლობალურ ჰაკათონში 2200 გუნდი მონაწილეობდა. ამ 2200-დან შეირჩა 340, რომელიც გლობალურ კატეგორიებში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ამ 340-ში მოხვდა ორივე ქართული გუნდი და გააგრძელებს ბრძოლას!
ამ უმაგრეს ახალგაზრდებს ვუსურვებ წარმატებებს! კიდევ ბევრი შეჯიბრი და ჰაკათონი გვექნება წელს, ადევნეთ თვალი ილიაუნის გვერდს.” – წერს ნანა დიხამინჯია.
NASA Space Apps Challenge 2020 თბილისში, 2-დან 4 ოქტომბრამდე, მსოფლიოს 200 წერტილის პარალელურად მიმდინარეობდა. ჰაკათონის 70 მონაწილე, რომელიც 17 გუნდად იყო შეკრული, გლობალურ გამოწვევებზე 48 საათის განმავლობაში მუშაობდა, პარალელურად კი ისმენდა ლექციებს სფეროს პროფესიონალებისგან. 4 ოქტომბერს, სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა ორი გამარჯვებული გუნდი, მესამე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გახდა.