თუ სარესტორნო ბიზნესის გახსნა დროულად არ მოხდა, ამ შემთხვევაში არსებული რესტორნებიდან მხოლოდ 10% გაიხსნება – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს. შოთა ბურჯანაძის თქმით, წყლისა და ელექტროენერგიის გაძვირება წარმოუდგენელი რეალობაა ბიზნესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სუბსიდირება მოხდა, გადიდებული ტარიფით გაძვირდება როგორც წარმოებული, ასევე შემოტანილი პროდუქცია.
„მეორე პრობლემა არის ის, რომ ბიუჯეტში არ არის ის სიტუაცია, სადაც ზედმეტად შემოდის თანხა, რომ დასუბსიდირდეს გადასახადები. ეს ფული მოაკლდება სხვა სფეროს, ან ჩვენი გადახდილი თანხებით დასუბსიდირდება, ან გამოაკლდება რომელიმე ღონისძიებას, ან ვალად აღებული თანხა იქნება, რაც დამატებითი ტვირთია ჩვენი ბიუჯეტისთვის და მოსახლეობისთვის. ტარიფის გაძვირება გამოწვეულია ცოტა მოხმარებით – დაკეტილია უამრავი ობიექტი და ნაკლები მოხმარების გამო იზრდება ტარიფი. ამას ემატება დისონანსი იმპორტსა და ექსპორტს შორის, დოლარის კურსი და ა.შ. ამ გაზრდილი ტარიფით ხდება ის, რომ გაძვირდება ბევრი პროდუქცია და ბიუჯეტს დააკლდება თანხა. სუბსიდირება 1 წლის განმავლობაში არის გამოცხადებული, თუ კოვიდსიტუაციის გამო იგივე რეჟიმში ვიყავით და პრობლემები დარჩა, ეს უკვე თითოეულ მოსახლეზე აისახება და შემსყიდველუნარიანობა დავარდება.“, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
