LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყიჟინატორების“ ჰიმნი ბორჯღალოსნების გასამხნევებლად

35

მოახლოვდა მსოფლიო თასი რაგბიში. ჩვენი სანაკრებო გუნდი 24 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება, მანამდე ბიჭებმა საკმაოდ მკაცრი მომზადება გაიარეს.

რაგბის გულშემატკივრები კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის თავისებურად ემზადებიან. სულ ორი კვირაა, მათ ქართველი მორაგეების მხარდასაჭერად შექმნეს ჯგუფი „ყიჟინატორები“, რომელსაც „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდიც აქვს, სადაც სხვადასხვა აქტივობები უკვე ჩანს.

ახლახან მათ გვერდზე განთავსდა „ყიჟინატორების“ ჰიმნი, რომლის მელოდია შოთა დარახველიძეს ეკუთვნის, ტექსტი – საბა ლეკვეიშვილს, ჩაიწერა „ბრავო რეკორდსში“, ხმის რეჟისორი: ზვიად მღებრიშვილი გახლავთ. სიმღერას ასრულებენ შოთა დარახველიძე, გიორგი გაბრიელაშვილი, გიგა ჩიხრაძე. ვიდეოში ასახულია სიმღერის ჩაწერის პროცესი.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, თამარ ბასილაიამ გვითხრა, მხარდასაჭერი ჯგუფის შექმნის იდეა მაისში მოუვიდათ, შეხვდნენ ფედერაციის წარმომადგენლებსაც და გაანდეს ჩანაფიქრი. შემდეგ კი აქტიურობა დაიწყეს. მათ საკმაოდ ბევრი მოხალისე შეუერთდა. მართალია, რაგბის თანდათან ემატება გულშემატკივარი, მაგრამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების წინ მსგავსი ქომაგობა ნამდვილად არ აწყენთ. თანაც, პროექტის ავტორებმა იციან, რომ ბორჯღალოსნებს ძალიან მოსწონთ მათი ჯგუფი. თავის მხრივ კი, „ყიჟინატორებისთვის“ მნიშვნელოვანი მიზანი ისაა, რომ ქართველ მორაგბეებს მადლობა უთხრან იმისთვის, რასაც აკეთებენ და დაუფასონ თავდადებული შრომა მოედანზე.

თამარ ბასილაია:

თუ თქვენ უკვე მოიწონეთ ჩვენი გვერდი „ფეისბუქზე“, ავტომატურად ყიჟინატორი ხართ (იღიმის). ამ ჰიმნით, რომლისთვისაც ვიდეორგოლის შექმნასაც ვფიქრობთ, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი მორაგბეების მიმართ. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ ინგლისში გამგზავრებას, მაგრამ თბილისში ვუზრუნველყოთ მათ აქტიურ გულშემატკივრობას. ჩვენს პროექტში უამრავი მოხალისეა ჩართული, დღეში მოგვდის ძალიან ბევრი შეტყობინება და გვიზიარებენ იდეებს, ვსაუბრობთ გეგმებზე.

მართალია, ჩვენი ჯგუფი მსოფლიო თასისთვის შეიქმნა, მაგრამ უფრო შორს მიმავალი გეგმები გვაქვს და ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების წინ ვაპირებთ მორაგბეების აქტიურ გულშემატკივრობას.

 

 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები