გორში ყოფილმა ჯარისკაცებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლებას მოითხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლეს და ხელმძღვანელობისგან მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ, თუმცა მათ არავინ გამოხმაურებია.
აქციის მონაწილეებთან მხოლოდ სამართალდამცველები მივიდნენ და შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
„ერთადერთი ის მოვისმინეთ, რომ შენობას 20 მეტრის რადიუსში არ უნდა მივუახლოვდეთ. სამწუხაროდ, სხვა მეტი პასუხი არ ისმის, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი მეგობარი, მამუკა ჩხიკვაძე და ისიც კი არ ვიცით ამჟამად ცოცხალია თუ არა. ჩვენ დაველოდებით, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისულება და ამის შემდეგ გადავწყვეტთ რა სახის პროტესტს მივმართავთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ჟამურელმა.
შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე უკანონოდ დააკავეს.
ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს.
14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. ამ დრომდე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დაკავებულის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა.