6 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს გელა გნოლიძე და თათა გიორგობიანი სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „არ წახვიდე“ პრემიერით.

– სამი ახალი სიმღერიდან, ორი უკვე ჰიტი გახდა. როგორ გაჩნდა მათი ჩაწერის იდეა?
– (გელა გნოლიძე) მართალია, მაყურებელი ცოტა გაგვინაწყენდა, რადგან „ღამის შოუს“ ახალი სიმღერები მოაკლდა, მაგრამ თავს გავიმართლებ და ვიტყვი, რომ მართლაც გრანდიოზული ტურნე გვქონდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გადაცემის ახალი სეზონის დაწყებისთანავე კი, კონცერტები გავაჩერეთ, რათა ახლა მაყურებელი გავახაროთ ახალი ჰიტებით.
– (თათა გიორგობიანი) ახალ სიმღერას ყოველთვის გელა გვთავაზობს, მერე კი, დიდხანს ვმსჯელობთ რა შეიძლება გამოვიდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრება ხშირად განსხვავდება, თუმცა გელას არჩევანს მაინც ვითვალისწინებთ. უცნაურია, მაგრამ ყოველთვის ზუსტად იცის, რომელი კომპოზიცია გაამართლებს. ასე იყო „ლალების“ და „აფრების“ შემთხვევაშიც, ჩვენ არცერთი არ მოგვეწონა, თუმცა, დღეს ორივე ჰიტია.

– გელა, ისეთი სიმღერა თუ გაქვთ, რომელმაც არ გაამართლა და იმედი გაგიცრუათ?
– დიდხანს ვმუშაობდით ერთ-ერთ კომპოზიციაზე, დარწმუნებული ვიყავი, აუცილებლად ჰიტი გახდებოდა, თუმცა ჩაწერის შემდეგ აღარ მომეწონა და საერთოდ უარი ვთქვით მის შესრულებაზე.
– ალბათ, მდიდარი გამოცდილება გეხმარებათ გათვალოთ, რომელი სიმღერა მოიპოვებს პოპულარობას?
– ძალიან მომწონს ექსპერიმენტები, განსაკუთრებით მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ის რთული სიმღერა იმსახურებს მსმენელის მოწონებას, რომლის წარმატების არავის სჯეროდა. „ლალები“ – სინამდვილეში ქართულ-უცხოური „ჰიბრიდია“, ძალიან გაუკვირდა თათას როცა უცხოური მელოდიით თანამედროვე ქართული სიმღერის გაკეთება გადავწყვიტე, თუმცა ექსპერიმენტმა გაამართლა. მე ნებისმიერი კომპოზიციის დასრულებული ვერსიის წარმოდგენა შემიძლია, თუმცა ძალიან მიჭირს ჩანაფიქრის ბენდის წევრებამდე მიტანა, ამიტომ ყოველთვის ისე გამოდის, თითქოს უმი კერძის გასინჯვას ვთხოვ.
– (თათა გიორგობიანი) მართალია, ხშირად გვედავებიან, რომ საკუთარ კომპოზიციებს არ ვქმნით, მაგრამ სინამდვილეში რამდენიმე საავტორო სიმღერა გვაქვს, უბრალოდ ბევრს ისიც ქავერი ჰგონია. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ საკუთარ კომპოზიციებზე მუშაობას, თუმცა ძალიან ბევრი ცნობილი სიმღერა მოგვწონს, რომელთა ჩვენებურ ვერსიას ვთავაზობთ მსმენელს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მერაბ კაშიას და ყველა სხვა ავტორს, ვის სიმღერებსაც ვასრულებთ და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიცავთ საავტორო უფლებებს.

– გელა, თავად როგორ მოგწონთ ახალი სიმღერა „არ წახვიდე“?
– პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, სიმღერის ავტორს ბატონ გოგიტას, რომელსაც ამერიკაში ვესაუბრეთ. მიხარია, რომ მისი ნდობა დავიმსახურეთ, სიმღერის გადაკეთების და ჩვენეული ვერსიის ჩაწერის უფლება მოგვცა, მით უფრო, რომ „არ წახვიდე“ დიდი ხანია ჰიტია, 30 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და იმედია, ჩვენი ვერსიაც მოიპოვებს პოპულარობას.

– ძალიან გაგინაწყენდნენ ემიგრანტები ერთ-ერთი სიმღერის გადაკეთებისთვის, რაც ძალიან აქტიურად განიხილებოდა სოციალურ ქსელში,
– (გელა გნოლიძე) კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველა სიმღერაზე ავტორისგან ვიღებთ გადაკეთების უფლებას, ემიგრანტების განაწყენების მიზეზი კი, ცრუ ინფორმაცია გახდა, თითქოს ცუდად მოვიხსენიე უცხოეთში მცხოვრები ქართველები, რაც რა თქმა უნდა, სრული აბსურდია. მეტიც, დედაჩემიც წლების მანძილზე საზღვარგარეთ ცხოვრობდა და სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიყვანე, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. წარმოდგენა არ მაქვს ვის და რაში დასჭირდა მსგავსი ინფორმაციის გავრცელება.
– (თათა გიორგობიანი) პირიქით, ძალიან გვიყვარს ჩვენი ემიგრანტები და ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი სიმღერებით მაინც შევუმსუბუქოთ სამშობლოს სიყვარული და მონატრება.

– რამდენად ხშირად ვრცელდება ჭორები ღამის შოუს ბენდზე?
– (გელა გნოლიძე) ნაკლებად მაინტერესებს სოციალური ქსელით გავრცელებული კომენტარები. რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოეწონები და არც გვაქვს პრეტენზია.
– თათა, რამდენიმე საცეკვავო ნომერი შესთავაზეთ მაყურებელს შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, რამდენად რთულია მსგავს პროექტში მონაწილეობა?
– საკმაოდ რთულია, თუმცა ვფიქრობ, მეც და ბაბიმაც კარგად გავართვით თავი.
– (გელა გნოლიძე) რა თქმა უნდა, ვამაყობ ბენდის გოგონების წარმატებით, მაგრამ არცერთი გამოსვლა არ მინახავს, რადგან ძალიან ვღელავდი. ვშიშობდი, რომ იქ დაწყებული კონკურენცია ბენდში გაგრძელდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მათ პროფესიონალიზმში და მიხარია, რომ ასეთი კარგი მეგობრები არიან.

– თათა, თქვენ მომავალი ფსიქოლოგი ხართ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
– ჯერ მაგისტრატურაში ვსწავლობ. ყოველთვის მიტაცებდა ფსიქოლოგია, რომელიც ჩემი ცხოვრების ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორიც მუსიკა.

