ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის წევრები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მათ მიახლოების უფლებას არ აძლევენ.
სამოქალაქო აქტივისტები, ივანიშვილს მოუწოდებენ, რომ გადადგეს ხელისუფლება და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და რომ მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა და მათი ხმები მოიპარა. ისინი ხმების გადათვლასა და საეჭვო ოქმების გაბათილებას ითხოვენ.
”არ შეიძლება ასე ხალხის გამწარება. ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება. მოსყიდვები იყო, დაშინებები, სამუშაო ადგილების წართმევები. ყველა ზღვარს გადავიდნენ. ხალხი ვერ გაატარებს ამ ყველაფერს. ისინი ხალხის ინტერესებზე არ მუშაობენ, ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება”, – აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები.
აქციის წარმომადგენლები, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
მათივე განცხადებით, პროტესტის მიზანია სამართლიანი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
როგორც ჟურნალისტებს აქტივისტმა ბესიკ გაზდელიანმა განუცხადა, გაისმა სროლის ხმა, დაახლოებით ხუთჯერ და ასფალტზე ყრია გასროლილი მასრები. პოლიციამ ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა.
“ვიღაცამ გაისროლა, როგორც ჩანს , ალბათ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო. ამოიარა მანქანით. ვერ დავინახეთ, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვის საშუალება აქვს კამერას, რომელიც ყოველ ნაბიჯზეა . დაახლოებით, 5- ჯერ გაისროლა ვიღაცამ აქ მყოფი პროტესტანების დასაშინებლად”, – განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.
