„მგონია, რომ დროს ჭიმავენ. ახალგაზრდები აქციის მოწყობას აპირებენ. ალბათ, ამ ტალღის ჩახშობაც უნდათ,“ – ასე ეხმაურება ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე მისი შვილიშვილის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესის გადადებას.
„რანაირად არ ვფიქრობ და ვერ ლაგდება ჩემს ტვინში, რა ხდება?
რატომ აკეთებენ ასეთ სვლებს?! მგონია, რომ დროს ჭიმავენ. ახალგაზრდები აქციის მოწყობას აპირებენ. ალბათ, ამ ტალღის ჩახშობაც უნდათ. ყველას ხომ ჰყავს შვილები, ვინც მთავრობაში არიან, თუ სასამართლოში, ადამიანის ასე აბუჩად აგდება ხომ არ შეიძლება“. – ამბობს ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი გადაიდო.
ინფორმაცია ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ გაავრცელა.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა.
ადვოკატი: „ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს“
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.