LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გრძელი საბაგირო ამიერკავკასიაში კობი-გუდაურის იქნება: მშენებლობა იწყება

27

კობი-გუდაურის მიმართულებით საბაგიეროების მშენებლობა იწყება. აღნიშნული საბაგირო ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი, დაახლოებით, შვიდნახევარ კილომეტრიანი იქნება. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის უმსხვილესი პროექტი, რომელსაც კომპანია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს. უახლოეს დღეებში კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი.

გარდა ამისა, როგორც ონოფრიშვილი ამბობს, 2018 წელს გუდაურში უკვე იქნება მთლიანად გათოვლიანებული სათხილამური ტრასები, რაც ხელს შეუწყობს სეზონის ადრე დაწყებას.

”დაახლოებით ორ კვირაში გაიხსნება კურორტი გუდაური, აგვისტოს დასაწყისში გაიხსნება კურორტი გოდერძი. ძალიან სასიხარულო სიახლეები გვაქვს ყველა მიმართულებით. გადაწვეტილია, რომ რამდენიმე დღეში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება, რაც გააძლიერებს ინსფრასტრუქტურას მესტიის რაიონში. აგრეთვე, გუდაურში უახლოეს მომავალში წყლის რეზერვუარის მშენებლობა დაიწყება, რომელიც გათოვლიანების მეორე ფაზას მოიცავს. 2018 წელს კი ჩვენ უკვე გუდაურში გვექნება მთლიანად გათოვლიანებული სათხილამური ტრასები. ასევე, უმსხვილესი პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენთან ერთად აკეთებს დაწყებულია – უახლოეს დღეებში გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და იწყება კობი-გუდაურის მიმართულებით საბაგიეროების მშენებლობა. ამასთან, გუდაურში კიდევ ორი საბაგიროს რენოვაცია მოხდება”, – განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ამბობს, საქართველოს მასშტაბით არსებულ მთის კურორტებზე განსახორციელებელი პროექტები, სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლოსთვის უკვე დასრულებული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები