LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Z-ს და V-ს გამოყენება უნდა გახდეს დასჯადი“ – „ლელო“ ინიციატივით გამოდის, საქართველოში აიკრძალოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოები

195
ლელო

პარტია “ლელოს” საკანონმდებლო ინიციატივა აქვს, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოებს – წმინდა გიორგის ლენტს, ასევე Z და V სიმბოლოების გამოყენებას აკრძალავს.

ამის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრეს.

“გაგაცნობთ “ლელოს” საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც რუსული რაშიზმის აგრესიული პროპაგანდის სიმბოლოების აკრძალვას შეეხება.

დღეს, როცა თავისუფალი სამყარო ებრძვის რუსეთს უკრაინაში იმისთვის, რომ თავისუფლება, დემოკრატია და უკრაინის სუვერენიტეტი დაიცვას, ყველას გვესმის, რომ ყველანაირი მცდელობა, მათ შორის პროპაგანდისტული გზავნილებით და პროპაგანდისტული სიმბოლოების გამოყენებით რუსეთის აგრესიის და პუტინის რაშიზმის გამართლება, დაცვა არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც დასჯადს გახდის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას. ასეთი სიმბოლოები, რომელიც ჩვენი შეხედულებით უნდა აიკრძალოს, ეს არის წმინდა გიორგის ლენტი, რომელსაც სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ საჯარო სივრცეში ჩვენს ქვეყანაში, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ს და V-ს გამოყენება ასევე ჩვენი აზრით უნდა გახდეს დასჯადი ჩვენს ქვეყანაში”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

პარტიის კიდევ ერთი წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, როცა საქართველოში არიან უკრაინის მოქალაქეები, მათ თბილისის ქუჩებში არ უნდა ხვდებოდეთ მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბარბაროსული ომის გამამართლებელი სიმბოლოები:

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართულმა კანონმდებლობამ თვალი უნდა გაუსწოროს ამ რეალობას და შესაბამისად ასახოს ის, ამიტომ უნდა მოხდეს ამ მოქმედებების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანა, როგორც დასჯადი ქმედების. საქართველოში ვცხოვრობთ ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარად გვაქვს 2008 წლის ომი, საქართველოს სახელმწიფოს, რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული 200 წლიანი ომი და ამავე დროს, როცა საქართველოში არიან ამ ბარბაროსული აქტების თვითმხილველები, გადამტანები და მსხვერპლები უკრაინის მოქალაქეები, მათ თბილისის ქუჩებში არ უნდა ხვდებოდეთ მათი ცხოვრების და მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბარბაროსული ომის გამამართლებელი სიმბოლოები”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g