ზაურ თენიეშვილი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა – აგვისტოს ომში დაღუპული 21 წლის მებრძოლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვა ავრცელებს და უფრო ახლოს გვაცნობს ჩვენი დროის გმირს.
“ზაურ თენიეშვილი ცხინვალში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, მანამდე კი, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები გადაარჩინა….
სულ რაღაც 21 წლის იყო, თუმცა ცხოვრებაში იმაზე ბევრად მეტის გაკეთება მოასწრო, ვიდრე მის ასაკს შეეფერება… სწავლა, სამსახური, ოჯახის რჩენა და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის სამაგალითო თავდადება…
კაპრალ ზაურ თენიეშვილს, როგორც დედისერთას, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ეხებოდა, თუმცა კომისარიატში საბუთების შესავსებად მისული ახალგაზრდა, მოულოდნელად სამხედრო სამსახურით დაინტერესდა… დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეუცვლია, კონტრაქტი გააფორმა და შეიარაღებულ ძალებში რიგითი ჯარისკაცის სტატუსით ჩაეწერა.
ზაურს მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, პირველი ჯგუფის ინვალიდი დედის და მოხუცი ბებიის რჩენა 12 წლიდან საკუთარ თავზე აიღო. მის მშობლიურ ოზურგეთში, დღესაც კარგად ახსოვთ, როგორ აგროვებდა პატარა ბიჭი ჯართს და როგორ ცდილობდა ოჯახისთვის ყოფა შეემსუბუქებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში მოეწყო, სტომატოლოგიის განხრით, კაბინეტის გახსნაზეც ფიქრობდა… ხელფასი საკუთარ თავზე მეტად ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ემეტებოდა”, – წერია საქართველოს თავდაცვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.