LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები

809
im-372899

თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს ჩვენი ნახვა არ სურს, ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, იყავით გულწრფელი. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა დახურული კითხვები წლების განმავლობაში, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება გულწრფელი პასუხები ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

„რვა წლის წინ უკრაინელებმა არჩევანი გააკეთეს, ბევრმა სიცოცხლე გაწირა ამისთვის. რვა წლის შემდეგ უკრაინა მუდმივად უნდა ითხოვდეს ევროპული პერსპექტივის აღიარებას? 2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ, რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპამ გამუდმებით არ უნდა განაცხადოს და ქმედებებით გაამართლოს, რომ ეს ასე არ არის? არ უნდა თქვას ევროკავშირმა დღეს: „ჩვენი მოქალაქეები დადებითად უყურებენ უკრაინის კავშირში გაწევრიანებას“? რატომ ვერიდებით ამ კითხვას? უკრაინა არ იმსახურებს პირდაპირ და გულწრფელ პასუხებს?“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ნამდვილად დაეხმარონ უკრაინას, “დასავლეთის ქვეყნებიდან არ არის საჭირო მუდმივად საუბარი მხოლოდ სავარაუდო შეჭრის თარიღებზე“.

„ჩვენ დავიცავით ჩვენი მიწა 16 თებერვალს, დავიცავთ პირველ მარტსა და 31 დეკემბერს. ჩვენ სხვა თარიღები უფრო გვჭირდება. ეს ნატო-საც ეხება. გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ ჯერჯერობით, აუტსაიდერებს არ უშვებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სისტემა ნელია და „გლობალურ დონეზე შეფერხებაა სახელმწიფოების ეგოიზმის, თავდაჯერებულობის, უპასუხისმგებლობის გამო“. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, გაერო, რომელმაც მსოფლიოში მშვიდობა და უსაფრთხოება უნდა დაიცვას, თავის თავს ვერ იცავს.

ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზეც ესაუბრა:

“უკრაინა ილტვის მშვიდობისკენ, ევროპა ილტვის მშვიდობისკენ. მსოფლიო ამბობს, რომ არ სურთ ომი, ამასთანვე რუსეთი ამბობს, რომ მას არ სურს შეჭრა. ზოგიერთი მათგანი იტყუება. ეს ჯერ აქსიომაა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ჰიპოთეზა გახდება.

რამდენიმე დღის წინ მე ვიყავი საოკუპაციო ხაზთან.

სამართლებრივ ჭრილში, ხაზი ყოფს უკრაინას დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისგან, მაგრამ რეალურად, ეს ხაზი ყოფს მშვიდობასა და ომს.

ერთი მხრივ, საბავშვო ბაღსა და, მეორე მხრივ, მფრინავ ჭურვს. ერთი მხრივ სკოლასა და, მეორე მხრივ, ჭურვს, რომელიც ჩამოვარდა ეზოში, სადაც 30-მდე ბავშვი იმყოფებოდა. ბავშვები, რომლებიც არ იყურებოდნენ NATO-სკენ, ისინი იყურებოდნენ დაფებისკენ მათ საკლასო ოთახებში”, – თქვა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები