ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურა. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობას ამცირებს.
წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და დაიწყო მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით.
სწორედ აღნიშნული გეგმის საფუძველზე დაიხურა ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებდა. დახურვის სამუშაოების ფარგლებში, ფორმირდა პოლიგონის ზედაპირის რელიეფი და თიხნარი გრუნტით გადაიფარა. ასევე, მდინარე ყვირილას მხრიდან მოეწყო ქვანაყარი ბერმა, რათა მდინარის ადიდების შემთხვევაში, გამოირიცხოს ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის, ზესტაფონის მუნიციპალურ ნარჩენებს თერჯოლის კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელი იღებს. ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 799 990 ლარი შეადგინა.