ზესტაფონის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე დახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ წინასწარ შემუშავებული გეგმის ფარგლებში ზოგიერთი ნაგავსაყრელის ოპერირება შეაჩერა და შესაბამისი სტანდარტებით მათი ეტაპობრივი დახურვის სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნული გეგმის გათვალისწინებით, დაიხურება ზესტაფონის ნაგავსაყრელი, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ნაგავსაყრელის პოლიგონის რელიეფი მოსწორდება და თიხნარი გრუნტით დაიფარება. მდინარე ყვირილას მხრიდან მოეწყობა ქვანაყარი ბერმა, რათა მდინარის ადიდების შემთხვევაში, თავიდან იქნას აცილებული ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე.
ამ დროისთვის ზესტაფონის მყარ ნარჩენებს თერჯოლის კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელი იღებს. ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულება 799 990 ლარია. პროექტს კომპანია „ინშაათ საქართველო“ ახორციელებს.