“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ თამარ ჟვანიას მიმართ გაკეთებული განცხადებები უსამართლობაა და არსებობს პოლიტიკური ეთიკა, რომელიც ნებისმიერ განმცხადებელს უნდა ახასიათებდეს.
როგორც ვიცე-სპიკერმა თქვა, თამარ ჟვანიას მიმართ ასეთი შეტევა იმის მცდელობაა, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას საკუთარი პოზიციის პრინციპულობა დაანახვოს. ვოლსკის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ თამარ ჟვანია აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო იმ გაყალბებულ მონაცემებთან, რაც პარალელურმა არჩევნებმა დაითვალა და რაც გადათვლის შემდეგ, ზუსტად ცესკო-ს მონაცემებს დაემთხვა.
“ეს ადამიანი არაფერ შუაშია თუნდაც იმ მცირე დარღვევებთან, რომელიც საარჩევნო პროცესს ახასიათებდა. არც მის პროფესიულ დონეში და არც მის ნეიტრალობაში ეჭვი არავის ეპარება და არც ევროკავშირს ჰქონია კითხვები, მითუმეტეს, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს ვიცნობთ,”- განაცხადა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
მისი შეფასებით, როცა ოპოზიცია თამარ ჟვანიაზე საუბრობს, უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა მიიღონ. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეს „ქართულ ოცნებას“ კი არ სჭირდება, არამედ საზოგადოებას სჭირდება კომპეტენტური კომისიის დასკვნა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
“ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა გაითავისოს, რომ წინ სახელმწიფოს ინტერესებია. თუ კომისია 1- პროცენტიან გადახრებს დაადგენს, არათუ თამარ ჟვანიამ, ირაკლი კობახიძემაც განაცხადა გადადგომის თაობაზე. ზღაპარი, რომ ბიულეტენები შეიძლება მოიპარო, ოქმები გადააკეთო და ოპოზიციის 12 ათასი წარმომადგენელი მოისყიდო, არავის აღარ სჯერა,“- განაცხადა ვოლსკიმ.