პანკრეასში ან სხვა ორგანოში არსებული პატარა ადენომა (გასტრინომა), კუჭის წვენის მჟავიანობის ძლიერ მომატებას იწვევს, რაც თავის მხრივ გამოავლენს ზოლინგერ-ელისონის სინდრომს. ჭარბი მარილმჟავა აჩენს წყლულებს და, ამასთან ერთად, იწვევს დიარეას, ვინაიდან მომატებული სიმჟავის გამო პანკრეასის ფერმენტები აქტიურობის უნარს კარგავს. დაავადების სიმპტომებია: ძალიან მაღალია კუჭის სიმჟავე, დიარეა, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
ნაღვლის მჟავების დეფიციტი გვხვდება ქრონიკული ჰეპატიტის, ციროზის დროს. წვრილ ნაწლავში მათი მოხვედრა შესაძლოა პანკრეასის თავის, ფატერის დვრილის ან ამავე მიდამოში არსებულმა რომელიმე სხვა სიმსივნემ შეაფერხოს. დეფიციტი მოსალოდნელია აგრეთვე წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილის ამოკვეთის შემდეგ, კრონის დაავადების, ტუბერკულოზის, სიმსივნის დროს. პრობლემას წარმოშობს მსხვილი ნაწლავის ოპერაციის შემდეგ განვითარებული მოკლე ნაწლავის სინდრომიც.

ლაქტაზის დეფიციტი ადამიანთა 15%-ს აღენიშნება. მის დასადგენად ტარდება ლაქტოზით დატვირთვის ტესტი: ადამიანს აძლევენ ლაქტოზას და სისხლში განსაზღვრული პერიოდულობით უზომავენ გლუკოზის დონეს. ნორმაში მან უნდა მოიმატოს. ასევე, გვხვდება მალდიგესტიის სინდრომის შერეული ფორმაც, რომელიც რამდენიმე მიზეზის თანხვედრისას ვითარდება. ასეთია, მაგალითად, შეგრენის დაავადება. პაციენტს ერთდროულად უზიანდება სანერწყვე, კუჭის, პანკრეასის ჯირკვლები, აქვს ქოლეცისტიტი, ენტერიტი, კოლიტი, უშრება თვალები, პირი, ტირილის დროს არ სდის ცრემლი, კუჭში წვენი არ აქვს. ამას მშრალ დაავადებასაც უწოდებენ.