LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსკოლაში სწავლა სავალდებულო იქნება: რაშია ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი

159

მართვის მოწმობის ასაღებად ავტოსკოლის სასწავლო კურსის გავლა სავალდებულო იქნება, ამასთან ავტოსკოლებთან დაკავშირებით მთავრობა ერთიანი სტანდარტის შემოღებას გეგმავს. მართვის მოწმობის გამოცდის გართულების პარალელურად, ავტოსკოლები, რომლებიც მომავალი მძღოლების უნარ-ჩვევების განვითარებაზე არიან პასუხისმგებელი,  რეგულაციებს დაექვემდებარებიან. შსს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საკითხი წლის ბოლომდე გადაწყდება.

მთავრობის გეგმა ავტოსკოლებთან დაკავშირებით

„ავტოსკოლებში სასწავლო პროცესი და ცოდნის  ხარისხი უნდა იყოს ერთიან სტანდარტში მოქცეული – უნდა შეიქმნას გარკვეული საბაზისო სტანდარტი, რომელსაც ყველა ავტოსკოლა დააკმაყოფილებს და ეს უნდა მოხდეს მართვის მოწმობის გამოცდის გართულების პარალელურად. ბევრ მძღოლს არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია და მანევრირების წესებს ხშირად არღვევენ. ეს ავარიების და სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ჩნდება აუცილებლობა მოხდეს მართვის მოწმობის გამოცდისთვის მძღოლის სათანადოდ მომზადება, რომ საჭესთან დაჯდეს და გამოვიდეს საგზაო მოძრაობაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტოსკოლა

ქაოსურად შექმნილი ავტოსკოლები, თაღლითი ტრენერები და საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ავტოსკოლის როლი – „ფორტუნა“ ასოციაცია „საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელს დავით მესხიშვილს ესაუბრა.

„ავტოსკოლის  გახსნა დღეს შეუძლია ყველას, მომრავლდა თაღლითური ავტოსკოლები, რომლებიც ასწავლიან ე.წ. „კოდირების გზით“ , აზეპირებინებენ ბილეთს, ამ გზით  მართვის მოწმობის აღებისას პირს არც თეორიული და არც პრაქტიკული ცოდნა არ აქვს. ეს არის გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი, ადამიანებმა უბრალოდ არ იციან მართვა. ვითხოვთ ავტოსკოლების ლიცენზირებას, ინსტრუქტორების სერტიფიცირებას და ავტოსკოლების სავალდებულოდ გახდომას“, – ამბობს „ფორტუნასთან“ დავით მესხიშვილი.

ექსპერტების მოთხოვნით ავტოსკოლა შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: მოწესრიგებული ტექნიკური ბაზა, შესაბამისი ავტომობილი, საგზაო ნიშნები, ერთიანი სასწავლო პროგრამა და კვალიფიციური ინსტრუქტორები .

ახალი რეგულაციების  ამოქმედების შესახებ ყველა ავტოსკოლა უკვე ინფორმირებულია.

 

თამუნა გოგუაძე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები