LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთის ფასი 60 ლარიდან დაიწყება

126

18 აპრილს, თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის შენობაში „ბლექ სი არენას“ სეზონის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და „ბლექ სი არენას“ დირექტორი ანი კავლელიშვილი მონაწილეობდნენ.

ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი, ენიო მორიკონე საქართველოს ესტუმრება. 2018 წლის 19 მაისს ის რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, კონცერტს „ბლექ სი არენაზე“ გამართავს, რომელიც მაესტროს მოღვაწეობის 60–წლიანი იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. ტურნეს ყველა კონცერტი ანშლაგებით გაიმართა და მაყურებლის მხრიდან დიდი ოვაციები, ხოლო მედიის მხრიდან – დადებითი შეფასებები მიიღო.

ენიო მორიკონემ, თავისი მრავალწლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში, შექმნა 600–ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები, აქედან 500–ზე მეტი – კინოსა და ტელევიზიისთვის. კომპოზიტორს ეკუთვნის ბრწყინვალე საუნდტრეკები ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა: „ერთხელ ამერიკაში“, „მისია“, „ხელშეუხებელნი“, „ერთი მუჭა დოლარისთვის“ და სხვ. მაესტროს მიერ შექმნილი მუსიკა ფილმისთვის „კარგი, ცუდი, ბოროტი“ მსოფლიო საუნდტრეკების 200–ეულშია შესული.

2016 წელს კვენტინ ტარანტინოს ფილმის, „საძულველი რვიანი“ ორიგინალური მუსიკისთვის ენიო მორიკონეს რამდენიმე პრესტიჟული პრიზი ერგო, მათ შორის რიგით მეექვსე „ბაფტა“, მესამე „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარი“. მთლიანობაში რეჟისორი ექვსჯერ იყო წარდგენილი „ოსკარის“ ნომინაციაზე. მას ასევე მიღებული აქვს „გრემის“ სამი ჯილდო.

ენიო მორიკონე ტურნეს შესახებ აღნიშნავს:

„სხვადასხვა ასაკისა და კულტურის მქონე მსმენელის წინაშე ჩემი მუსიკის შესრულება საოცრად საინტერესო გამოცდილებაა. წელს აღვნიშნავ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების 60 წლისთავს… ტურნეს ფარგლებში ვასრულებ კომპოზიციებს სერჯიო ლეონეს ფილმებიდან, ასევე „მისიიდან“, მაგრამ ტურნეს საერთო კონცეფცია მაინც განსხვავებულია, რადგან ვგეგმავ, წარმოვადგინო მუსიკა, რომელიც კვენტინ ტარანტინოსთან თანამშრომლობისას შეიქმნა და ასევე კომპოზიციები სერჯიო ლეონეს ფილმებიდან, რომლებიც სხვა კონცერტებზე არ წარმომიდგენია“.

აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ ის წარდგება რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი 70–კაციანი შემადგენლობით.

კომპოზიტორი თანმხლებ პირებთან ერთად ჩარტერული რეისით, კონცერტამდე ერთი დღით ადრე, 18 მაისს ჩამოფრინდება. სულ საქართველოში 121 ადამიანი ჩამოვა. ისინი ხუთვარსკვლავიან დელუქს სასტუმროში დაბინავდებიან.

საგულისხმოა, რომ საქართველოში ლეგენდარული კომპოზიტორი პირველად ჩამოდის და მისი კონცერტით „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი საზეიმოდ გაიხსნება.

ბილეთების გაყიდვა 20 აპრილს, დილის 9 საათიდან tkt.ge-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება და მაქსიმალური ფასი 300 ლარი იქნება.

„ბლექ სი არენა“ შეკვეთილში მდებარეობს. საკონცერტო დარბაზი 10 000 კაცს იტევს. ის 2016 წელს მსოფლიო ვარსკვლავის, ქრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. მას შემდეგ არენას სცენა არაერთმა აღიარებულმა შემსრულებელმა თუ ჯგუფმა დაიკავა.

 

ფოტო: გიორგი აბდალაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები