LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გოჩიაშვილი კონსერვატორიაში სოლო კონცერტს გამართავს

8

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს პიანისტი ბექა გოჩიაშვილი სტუმრობდა.

– ბექა, 3 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში თქვენი საღამო გაიმართება. როგორ გაჩნდა კონცერტის მოწყობის იდეა?

– ეს ჩემი პირველი სოლოკონცერტია, რომელიც საკმაოდ რთულია და ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. კონსერვატორიაში  უკვე დავუკარი რამდენჯერმე, ძალიან მიყვარს მათი „სტენვეის“ ფორტეპიანო, რადგან ვთვლი, რომ საუკეთესო ინსტრუმენტია, რომელზეც ოდესმე დამიკრავს.

– ვისი კრიტიკაა თქვენთვის მისაღები?

– მე არ მიყვარს კრიტიკოსები, რადგან ვთვლი, რომ ჯაზს არ სჭირდება კრიტიკა. არის მეტ-ნაკლებად ცნობილი კრიტიკოსი სტენლი კრაუჩი, თუმცა, მუსიკოსების უმრავლესობა მას არა კრიტიკოსად, არამედ მწერლად აღიქვამს. მართალია, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, მაგრამ მე არავის მივცემ უფლებას შეაფასოს ჩემს მუსიკა. რჩევა და გამოცდილების გაზიარება სულ სხვა რამეა, კრიტიკას კი, არავისგან მივიღებ.

– გაქვთ თუ არა  რაიმე რიტუალი, რომელსაც ყოველი კონცერტის წინ ასრულებთ?

– სიმართლე ვთქვა, არანაირი რიტუიალი არ მაქვს. უბრალოდ, ძალიან არ მიყვარს ლოდინი.

– როგორ მოიფიქრეთ კონცერტის სახელწოდება Round Midnight?

– ალბათ იცით, რომ Round Midnight ტელონიუს მონკის ცნობილი კომპოზიციაა, თუმცა, ჩემს შემთხვევაში ეს ერთგვარი Round Midnight იქნება თბილისში.

– იმ დიდი ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც კონცერტმა გამოიწვია, ხომ არ გაგმევთ მის გამეორებას?

– სიმართლე ვთქვა, მე არ მიყვარს ყველაფრის ერთად გაცემა. ასე რომ, კონცერტის გამეორებას არ ვაპირებ, მაგრამ სამომავლოდ უფრო მასტაბური საღამოს გამართვას ნამდვილად ვგეგმავ.

– ვინმეს სპეციალურად თქვენთვის ხომ არ შეუქმნია კომპოზიცია?

– კი, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა პაპუნა შარიქაძემ მომიძღვნა კომპოზიცია „back-up”.

– ახალგაზრდა მუსიკოსებს რას ურჩევდით?

– მოუსმინონ კარგ მუსიკას და არასდროს შეზღუდონ საკუთარი თავი.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ჯერჯერობით, სტენლი კლარკთან ვთანამშრომლობ. მალე ალბომზე მუშაობას დავამთავრებთ, რომელსაც არა მარტო ჯაზ-მუსიკოსებთან, არამედ ზოგადად ძალიან საინტერესო მუსიკოსებთან ერთად ვწერთ. ტურს კი, მარტის ბოლოს დავიწყებთ და დეკემბრამდე გავაგრძელებთ. მართალია, ტურნე, რომელიც ძალიან მასშტაბური იქნება, დიდ ენერგიას და ფიზიკურ შრომას მოითხოვს, მაგრამ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სტენლი კლარკის ბენდში ვუკრავ, რადგან ბავშვობიდან ვუსმენ და შეიძლება ითქვას, მისი ფანი ვარ. გარდა ამისა, 5 თებერვალს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება რატი გომართელის დასახმარებლად, სადაც განსხვავებული ჟანრის მუსიკა იქნება წარმოდგენილი, 11 მარტს, ჩემს დაბადების დღეს კი, ლიზა ბათიაშვილთან ერთად ამსტერდამში, გავმართავ კიდევ ერთ კონცერტს, სადაც გია ყანჩელის რამდენიმე ნაწარმოებს შევასრულებ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები