LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ევგენიძემ ”არტ-FM”–ში საავტორო კონცერტის შესახებ ისაუბრა

3

22 ნოემბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს მუსიკოსი დათო ევგენიძე სტუმრობდა. სტუმარმა რადიოს მსმენელს იმ საავტორო კონცერტის შესახებ ესაუბრა, რომლის გამართვასაც შობის შემდეგ გეგმავს.

– ბატონო დავით, რას უზადებთ მსმენელს ახალ საავტორო კონცერტზე?

– საერთოდ, საავტორო კონცერტებს იშვიათად ვმართავ, რადგან ვთვლი, რომ ამგვარი კონცერტი მაშინ უნდა გააკეთო, როცა სათქმელი დაგიგროვდება. თუმცა, 21-ე საუკუნე იმდენად დატვირთულია ინფორმაციით, რომ სათქმელიც ბევრი და სწრაფად გროვდება. წინა საავტორო კონცერტს, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა „რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შეგვიყვარდა” ერქვა, ახლს კი, შობის შემდეგ გავმართავ და ”რა ვუყოთ, რომ ანგელოზსაც შევუყვარდით” ერქმევა. კონცერტზე აბსოლუტურად ახალი კომპოზიციებით წავრსდგები მსმენელის წინაშე, რომელიც მანამდე არასდროს გაჟღერებულა.

– რამდენადაც ვიცი, ახალი ალბომის ჩაწერასაც გეგმავთ.

– ორი ალბომი საფრანგეთში, პარიზში მაქვს ჩაწერილი, საქართველოში კი, აქამდე არასდროს ჩამიწერია. ამიტომ გადავწყვიტე სამი ალბომის ერთად გამოცემა, რომელშიც კინომუსიკა, კანარის კუნძულების და პარიზის ცოცხალი კონცერტები, რომელიც არავის მოუსმენია და ე.წ. CarMusic შევა, რომელიც იმ პერიოდში ჩავწერე, როცა თითი მქონდა მოტეხილი და სწრაფად დაკვრა არ შემეძლო. ე.წ. მანქანის მუსიკა ის კომპოზიციებია, რომელსაც მანქანაში უნდა მოუსმინო სივრცის შესავსებად და კარგი განწყობის შესაქმნელად.

– უამრავ სიახლესთან ერთად წიგნის გამოცემასაც აპირებთ, რას ეუბნება დათო ევგენიძე მსმენელს საკუთარ წიგნში?

– ეს თითქმის სამი წლის მანძილზე დაგროვილი პოეზიაა, რომელსაც პირდაპირ Facebook-ზე ვწერდი, ამიტომ ხელნაწერი არ მაქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პოეზიის ვირტუალური სამყაროდან ფურცელზე გადმოტანა. განსხვავებულად ილუსტრირებულ წიგნში დაცული იქნება ფეისბუქის სტილიც ანუ ყველა ლექსს გაზიარება, ლაიქი და ა.შ. ექნება. წიგნზე საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობ და იმედი მაქვს, კონცერტზე მის პრეზენტაციასაც მოვაწყობ.

– თქვენს ახალ პერფორმანსზე რას გვეტყვით, რას მიეძღვნება ახალი წარმოდგენა?

– მოდით, პერფორმანსის შესახებ, ჯერ არაფერს ვიტყვი და სიურპრიზად დავტოვებ. მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ პოლიტიკოსებს ეხებათ. დღეს ჩვენს ქვეყანაში ვარსკვლავებად პოლიტიკოსები იქცნენ, არადა, საზოგადოება ყურადღებას ხელოვნებას, პოეზიას, სიყვარულს და ერთმანეთს უფრო უნდა აქცევდეს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს პოლიტიკამ ყველაფერი დანარჩენი დაჩრდილა, საქართველოს გზავნილი კი, ყოველთვის ხელოვნება იყო, რადგან წლების მანძილზე, სწორედ კულტურა იყო ჩვენი სახე. პერფორმანსის ფარგლებში აუცილებლად მოეწყობა გამოფენაც, რომელშიც რამდენიმე ცნობილი ქართველი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას. აქვე მინდა დავაანონსო კიდევ ერთი ღონისძიების – ქართულენოვანი ჰიპ-ჰოპ კონცერტის შესახებ, რომელსაც ოდნავ განსხვავებულად – ჰიპ-ჰოპი ერქმევა და სავარაუდოდ ახალ წლამდე გაიმართება.

– სულ ცოტა ხნის წინ ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღე აღინიშნა და მსმენელმა კიდევ ერთხელ მოისმინა მისთვის საყვარელი მუსიკა. დარწმუნებული ვარ, ჩარკვიანის შემოქმედების თაყვანიმცემლებს შორის ერთ-ერთი თქვენც ხართ.

– მე და ირაკლი ერთად გავიზარდეთ. სულ ცოტა ხნის წინ ვნახე ჩვენი ერთობლივი კონცერტების ჩანაწერები. საკმაოდ დიდი, დაახლოებით 8-საათიანი მასალაა, რომელსაც ვფიქრობ გარკვეული დამუშავების შემდეგ აუცილებლად გამოვცემ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები