LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯემ-ფესტი წინა წელთან შედარებით უფრო მრავალფეროვანი იქნება

4

2 თებერვალს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს გაიოზ კანდელაკი, კახა კანდელაკი, ეკა კუპრეიშვილი, გიორგი სიგუა და აჩიკო გულედანი სტუმრობდნენ.

გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები საქართველოს ჯაზ-ფესტივალის და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის დამაარსებელი გაიოზ კანდელაკი, კულტურის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი და ”ისთერნ-ფრომოუშენის” წარმომადგენელი ეკა კუპრეიშვილი იყვნენ.

– ბატონო გაიოზ, მოდით, პირველი ჯაზ-ფესტივალი გავიხსენოთ. როდის გაიმართა პირველი ფესტივალი და ვინ იყო მისი სტუმარი?

– პირველი ჯაზ-ფესტივალი 1978 წელს ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღვოდა ჩვენი ცხოვრებისეული დამოკიდებულება და მენტალობა, სირთულეები და ის რკინის ფარდა, რომელიც ჩვენსა და დასავლეთს შორის იყო ჩამოშვებული. ათასი თვალი გიყურებდა, როცა დასავლეთთან რაიმე, თუნდაც ელემენტარული ურთიერთობა გქონდა. მე კი, ფირფიტებს ვაგროვებდი, რომლებიც მაღაზიაში არ იყიდებოდა და ან მეგობარი მიგზავნიდა ამერიკიდან ან შავ ბაზარზე იყო შეძენილი. გარდა ამისა, მაშინ უკვე ფილარმონიის დირექტორი ვიყავი. ამიტომ გამოვიყენე თანამდებობრივი მდგომარეობა, საკუთარ თავზე ავიღე პასუხისმგებლობა და პირველი ჯაზ-ფესტივალი მოვაწყვეთ, რომელსაც თვალის ასახვევად ”გაზაფხულის რიტმები” დავარქვით. 24 ჯაზ-ჯგუფი ჩამოვიდა მთელი საბჭოთა კავშირიდან, ყველა რესპუბლიკამ, სადაც ჯაზი მეტ-ნაკლებად განვითარებული იყო, საკუთარი წარმომადგენელი გამოუშვა.

– ქალბატონო ეკა, დღეს თუ ითვალისწინებთ ბატონი გაიოზის აზრს და ეკითხებით თუ არა რჩევას?

– რა თქმა უნდა, ბატონი გაიოზის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ და რჩევასაც ხშირად ვეკითხებით. რემზი ლუისი, რომელიც წელს ჯაზ-სერიებს გახსნის, პირველად სწორედ ბატონმა გაიოზმა გააცნო ქართველ მსმენელს.

– წლევანდელ ჯაზ-სერიებში ვინ მიიღებს მონაწილეობას?

– ჩვენს ჯაზ-სერიებს უკვე 7 წელი უსრულდება. ეს ერთგვარი შევსებაა იმ პაუზისა, რომელიც თბილისის და ბათუმის ჯაზ-ფესტივალებს შორისაა. ჯაზ-სერია 8 თებერვალს გაიხსნება და 4 კონცერტს გააერთიანებს. პირველი სტუმარი ლეგენდარული რემზი ლუისის იქნება, რომელიც თბილისს თავის ტრიოსთან ერთად ეწვევა. 9 მარტი ელექტრონულ მუსიკას დაეთმობა, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. ნორვეგიელი ექსპერიმენტატორი ბუგე ვესელტოფტი ჩამოვა ამერიკელ დრამერთან და დიჯეისთან, კრისტიან პრომერთან ერთად.

2 აპრილს ცნობილი მესაყვირეს როი ჰარგროვის კონცერტი გაიმართება, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბათუმის ფესტივალის სტუმარი იყო, ამჯერად კი, თავის კვინტეტთან ერთად გვეწვევა.
30 აპრილი – ჯაზ-ფესტივალის დახურვა ჯაზის საერთაშორისო დღეს დავამთხვიეთ. კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და მისი სტუმარი ლათინური ჯაზის ვარსკვლავური შემადგენლობის ბენდი ”ვოლკანი” იქნება, რომლის აბსოლუტურად ყველა წევრი ”გრემის” პრემიის მფლობელია.

– ბატონო გაიოზ, თქვენი საყვარელი მუსიკოსები თუ მიიღებენ მონაწილეობას წლევანდელ ჯაზ-სერიებში.

– ძალიან დიდი ვარსკვლავები გეგმავენ ჩამოსვლას. თუმცა, მე მაინც რემზი ლუისს გამოვყოფდი, რომელმაც ძალიან დიდი ხნის წინ ჩაწერა პირველი დისკი. შემთხვევით მოვუსმინე და მივხვდი, რომ აბსოლუტურად განსხვავებული პიანისტი იყო, რომლის შესრულების მანერაც არავისას არ ჰგავდა. იმ პერიოდში ჯაზის ვარსკვლავები მეტ-ნაკლებად ცნობილი იყვნენ ქართველი მსმენელისთვის, ლუისს კი, არავინ იცნობდა. ჩემი ინტერესი იმანაც გააღრმავა, რომ მას რამდენიმე მუსიკალური მიმდინარეობა ჰქონდა გაერთიანებული თავის შემოქმედებაში. რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ჩემთვის რემზი ლუისი მაინც საუკეთესო პიანიასტია.

– ბატონო კახა, როგორია კულტურის სამინისტროს როლი ამ ღონისძიებებში?

– ძალიან სასიამოვნოა, რომ ჯაზ-სერიების ტრადიცია გრძელდება და ორმაგად სასიამოვნო, რომ მას კერძო კომპანია აფინანსებს. უკვე მეოთხე წელია კულტურის სამინისტრო და აშშ-ს საელჩო, თბილისის მერია და ”თიბისი ბანკი” სხვა 192 ქვეყანასთან ერთად აღნიშნავს ჯაზის საერთაშორისო დღეს. ბოლო წლებში ჩვენ განსაკუთრებით გავაქტიურდით, რადგან ძალიან გვინდა ეს ღონისძიება მაღალ დონეზე ჩატარდეს. საერთაშორისო მედიის დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენს ჯაზ-სერიებს, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და გარკვეული შეხვედრებიც შედგა, რათა 2017 ან 2018 წელს თბილისი საერთაშორისო ჯაზის ფესტივალის ცენტრი გახდეს.

– ბატონო გაიოზ, რა გეგმები აქვს ბიგ-ბენდს?

– მომავალ წელს ჩვენი ბენდი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ცოტა ხნის წინ გასტროლები გვქონდა მინსკსა და იურმალაში, სამომავლოდ სტამბოლის ფესტივალში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საფრანგეთთან.

– გამორჩეულ ჯაზ-ფესტივალს ხომ არ გაიხსენებდით, რომელიც თქვენი ორგანიზებით ჩატარდა?

– 1998 წლის ჯაზ-ფესტივალს გავიხსენებ, როდესაც არტ ბლეიქი და ”Jazz Messengers” ჩამოვიყვანეთ და 70 წლის იუბილე აქ გადავუხადეთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი თაობის თბილისელებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს და ძალიან დაგვეხმარნენ ფესტივალის მოწყობაში. ბევრი კარგი გაკეთდა იმ პერიოდში, რამაც საფუძველი ჩაუყარა და დღემდე მოიტანა ჩვენი ფესტივალი.

– ქალბატონო ეკა, რა იქნება კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი?

– ”თიბისი ბანკის” დახმარებით შევძელით და ბილეთების ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ. ცალკეული ბილეთების გარდა, ერთგვარი აბონიმენტის ფორმაც დაინერგა. 250 ლარად მსმენელს ოთხივე კონცერტზე ექნება დასწრების საშუალება. გარდა ამისა, აბონიმენტი უამრავ ბონუსსა და შეღავათს ითვალისწინებს.

გადაცემის მეორე ბლოკს გიორგი სიგუა და აჩიკო გულედანი სტუმრობდნენ.

– ბატონო გიორგი, რომელ ცნობილ მუსიკოსებს უნდა ველოდოთ წლევანდელ ჯემ-ფესტზე?

– წელს ჯემ-ფესტი 11-14 აგვისტოს გაიმართება და წინა წელთან შედარებით ბევრად მრავალფეროვანი იქნება. უამრავი მუსიკალური და არამუსიკალური ღონისძიება იგეგმება, არტისტებიდან კი მრავალი მსოფლიო დონის ვარსკვლავი იქნება წარმოდგენილი.

– ბატონო აჩიკო, რას გვიმზადებს ”ალტერ-ვიჟენ ჯგუფი”?

– 9 მარტს თავის ბენდთან ერთად ანდრეი მაკარევიჩი გვესტუმრება, რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს კონცერტს და ძველ ჰიტებთან ერთად ახალ ნამუშევრებსაც წარმოადგენს.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები